„როგორი იქნება აბაშიძე-კარასინის მოლაპარაკებების ახალი ფორმატი, ეს განხილვის თემა არ არის“

„როგორი იქნება აბაშიძე-კარასინის მოლაპარაკებების ახალი ფორმატი, ეს განხილვის თემა არ არის“

საგარეო საქმეთა მინისტრის თამარ ბერუჩაშვილის განცხადებით, აბაშიძე-კარასინის მოლაპარაკებების ფორმატში, რაიმე ახალი კომპონენტი ერთობლივად და კოორდინირებულად განიხილება.

მინისტრის განმარტებით, პრემიერ-მინისტრის სპეციალური წარმომადგენელი რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში და რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე მოლაპარაკებებს ძველებურად გააგრძელებენ.

აღნიშნული კომენტარი ბერუჩაშვილმა ზურაბ აბაშიძის განცხადების საპასუხოდ გააკეთა, რომლის თანახმადაც, აბაშიძე-კარასინის მოლაპარაკებების ფორმატში შესაძლოა, ეკონომიკის სამინისტროსთან ერთად, საგარეო საქმეთა სამინისტროც ჩაერთოს.

"ამაში მგონი არაფერი ახალი არ არის, იმიტომ, რომ საგარეო საქმეთა სამინისტრო მოსამზადებელ სამუშაოებში და, ისედაც, მოლაპარაკებებში, ბატონ ზურაბთან ერთად ჩართულია. თუ რაიმე ახალი კომპონენტი განიხილება, ჩვენ ამას კოორდინირებულად, ერთად წარვმართავთ. მე ბატონ ზურაბთან დაგეგმილი მაქვს შეხვედრა და როგორც მუდამ ვამზადებდით აბაშიძე-კარასინის შეხვედრას, ჩვენ შემდეგი დიალოგის ფორმატსაც ტრადიციულად მოვამზადებთ“, - განაცხადა მინისტრმა.

კითხვაზე, ვინ ან საგარეო საქმეთა სამინისტროს რომელი უწყების წარმომადგენელი შეიძლება ჩაერთოს პროცესში, ბერუჩაშვილმა განაცხადა, რომ ეს შემდგომი განხილვის საკითხია.

„ჩვენ ამას შეხვედრის დროს განვიხილავთ. მოსამზადებელ ეტაპზე ძალიან ბევრი პირია ჩართული. როგორი იქნება მოლაპარაკებების ახალი ფორმატი ეს განხილვის თემა არ არის. დიალოგს გააგრძელებენ ისევ ბატონი ზურაბი და კარასინი რუსეთის მხრიდან. რაც შეეხება საექსპერტო ჩართულობას, ესეც ახალი არ არის. შეგახსენებთ, რომ რუსეთთან, საქართველოს საექსპერტო დონეზე დიალოგი ჰქონდა აბაშიძე-კარასინის დიალოგის პარალელურად, მაშინ, როცა ჩვენს ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო რეჟიმის შესახებ განმარტებები გავაკეთეთ. ეს იყო 2 ექსპერტი ეკონომიკის სამინისტროდან, ასევე, ჩვენი წარმომადგენელი ეკონომიკის დეპარტამენტიდან და ეკონომიკის სამინისტროს წარმომადგენელი რუსეთიდან. მინდა ხაზი გავუსვა, რომ საექსპერტო დიალოგი ახალი არ არის. როცვა ამის საჭიროება იქნება, ეს ფორმატი გამოყენებული იქნება“, - აღნიშნა ბერუჩაშვილმა.