ირმა ნადირაშვილი ირაკლი ღარიბაშვილს მოუწოდებს,

ირმა ნადირაშვილი ირაკლი ღარიბაშვილს მოუწოდებს, "გაბრწყინებული სახით ლაპარაკისგან თავი შეიკავოს"

"ნაციონალური მოძრაობის" წევრი, დეპუტატი ირმა ნადირაშვილი პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს მოუწოდებს, ქვეყნის გაღარიბების ფონზე, ოპოზიციურ ძალაში მიმდინარე მოვლენებზე გაბრწყინებული სახით ლაპარაკისგან თავი შეიკავოს.

როგორც ნადირაშვილმა ჟურნალისტებს პრემიერის კომენტარზე საპასუხოდ განუცხადა, ამით მთავრობა ქვეყნის ეკონომიკის ჩამონგრევასა და სხვა შექმნილ სიტუაციაზე, პასუხისმგებლობას ვერ გაექცევა.

"კაცი, რომლის მმართველობის დროსაც, ქვეყანა და მოსახლეობა გაღარიბდა, ეკონომიკა ჩამოიშალა, დღეს გაბრწყინებული სახით ოპოზიციის შიგნით მიმდინარე მოვლენებზე აკეთებს კომენტარს. მას ტყუილად აქვს მოლოდინი, რომ ქვეყნის დაქცევის პასუხისგმებლობას გაექცევა. ვფიქრობ, გაბრწყინებული და მოჭიმული სახე ამ სიტუაციაში ადეკვატური ნამდვილად არაა", - განაცხადა ირმა ნადირაშვილმა.

"ნაციონალური მოძრაობა" შიგნიდან კიდევ სამ ჯგუფად იშლება, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ჟურნალისტებს "ნაციონალური მოძრაობის" რამდენიმე წევრის მხრიდან პარტიის დატოვების კომენტირებისას განუცხადა.

ამასთან, ირაკლი ღარიბაშვილს არ დაუკონკრეტებია, თუ რა ჯგუფებზეა საუბარი.