შედეგი, რა ნაბიჯიც გადადგეს

შედეგი, რა ნაბიჯიც გადადგეს "ნაცმოძრაობის" ყოფილმა წევრებმა, არის ღარიბაშვილის, მინისტრების აღტაცებული სახეები

"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წევრის ზურაბ ჭიაბერაშვილის შეფასებით, პარტიიდან წასული დეპუტატების დღევანდელი განცხადებით კითხვებს პასუხი არ გასცემია.

მისივე თქმით, "ნაციონალური მოძრაობა" მყარად დგას ფეხზე და ის კვლავ გააგრძელებს ქვეყნის წინსვლისკენ ბრძოლას.

"ეს ნამდვილად არ იყო პოლიტიკური ლიდერის განცხადება, რადგან კითხვის ნიშნები კიდევ უფრო მეტი გაჩნდა. პასუხები კი, რომელსაც ჩვენ და მთლიანად საზოგადოება ელოდა, არ ყოფილა. შედეგი იმისა, რა ნაბიჯიც გადადგეს "ნაციონალური მოძრაობის" უკვე ყოფილმა წევრებმა, არის ღარიბაშვილის, ზოგადად მთავრობის, მინისტრების აღტაცებული სახეები. თითქოს, ისინი შეძლებენ ამით რაიმე პასუხისმგებლობა აირიდონ ქვეყნის უკუსვლაზე. მინდა ვუთხრა საზოგადოებას, რომ "ნაციონალური მოძრაობა" მყარად დგას ფეხზე. ესაა ძირითადი ოპოზიციური ძალა. ჩვენ ძალიან კარგად ვიცით, საით უნდა წავიდეს ქვეყანა და ღრმად ვართ დარწმუნებული, უცილებლად წინ წავიყვანთ საქართველოს. "ნაციონალური მოძრაობა" იქნება ის პარტია, რომელიც თითოეულ შეუსრულებელ დაპირებაზე კვლავაც გააგრძელებს პასუხის მოთხოვნას და თითოეული საკითხის აქტუალიზაციას", - განაცხდა ჭიაბერაშვილმა.

"ნაციონალური მოძრაობის" ყოფილმა წევრებმა – ზურაბ ჯაფარიძემ, გოგა ხაჩიძემ, პავლე კუბლაშვილმა და გიორგი მელაძემ განცხადება გაავრცელეს, რომელშიც პარტიის დატოვების მიზეზები განმარტეს და ახალი პოლიტიკური ცენტრის შექმნაზე ისაუბრეს.