"ნაციონალური მოძრაობიდან" წასული დეპუტატები პარტიიდან გასვლის მიზეზებზე საუბრობენ

"ნაციონალური მოძრაობიდან" წასული დეპუტატები პარტიიდან გასვლის მიზეზებზე საუბრობენ. როგორც ზურაბ ჯაფარიძის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი , ერთ-ერთია ის, რომ ენმ-მა გამოცდა ვერ ჩააბარა იმ ნაწილში, რასაც ჰქვია მარცხზე პასუხისმგებლობის აღება და პოლიტიკური მოძრაობის განახლება.

"რატომ მივიღეთ ეს გადაწყვეტილება? ჩვენ ვხედავთ რეალურ საფრთხეს, რომ მომავალ საპარლამენტო არჩევნებში უმრავლესობით მოვიდნენ ღიად ან ფაქტობრივად პრორუსული ძალები. ამ რეალობის შეცვლის შანსი ჰქონდა მხოლოდ "ერთიან ნაციონალურ მოძრაობას", ოპოზიციურ ძალას, რომელმაც გაუძლო წარმოუდგენელ წნეხს ოლიგარქის მარიონეტი მთავრობის მხრიდან, გადარჩა და აგრძელებს ბრძოლას. "ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ", ხელისუფლებიდან წასვლის შემდეგ ჩააბარა ორი უმნიშვნელოვანესი გამოცდა: 1. მშვიდობით გადააბარა ხელისუფლება დემოკრატიულ არჩევნებში გამარჯვებულ პოლიტიკურ ძალას და 2. არ დაიშალა, გადარჩა და შედგა როგორც ძლიერი, კომპეტენტური ოპოზიციური ძალა.

პოლიტიკური ძალის გადარჩენა მნიშვნელოვანია, მაგრამ არასაკმარისი მიზნის მისაღწევად. გამარჯვებისათვის საჭიროა პოლიტიკური მოძრაობის სრული განახლება და მეტი გახსნილობა. ეს ერთადერთი პირობაა საზოგადოების ნდობის დასაბრუნებლად. მარცხზე პასუხისმგებლობის აღება და პოლიტიკური მოძრაობის განახლება დამკვიდრებული პრაქტიკაა განვითარებული დემოკრატიის ქვეყნებში. მესამე გამოცდა ენმ-მა ვერ ჩააბარა. არადა სწორედ ეს არის დღეს საზოგადოების დიდი ნაწილის დაკვეთა", - ნათქვამია "ნაციონალური მოძრაობიდან" წასული დეპუტატების განცხადებაში, რომელიც სოციალურ ქსელში ზურაბ ჯაფარიძის გვერდზე გავრცელდა.

ამასთან, ზურაბ ჯაფარიძე, გოგა ხაჩიძე, პავლე კუბლაშვილი და გიორგი მელაძე იმ მიზეზსაც განმარტავენ, რის გამოც საკუთარი გადაწყვეტილების შესახებ თანაპარტიელები საქმის კურსში არ ჩააყენეს.

"საზოგადოებისთვის უკვე ცნობილია, რომ მე და ჩემმა სამმა კოლეგამ დავტოვეთ პოლიტიკური პარტია "ერთიანი ნაციონალური მოძრაობა", საპარლამენტო ფრაქცია "ერთიანი ნაციონალური მოძრაობა" და ყველა თანამდებობა პოლიტიკურ პარტიასა თუ საქართველოს პარლამენტში. მინდა განმარტება გავაკეთო ჩვენს მიერ გადადგმულ ნაბიჯთან დაკავშირებით. ენმ-დან გასვლის ფორმამ და დრომ ბევრი ადამიანის გულისწყრომა გამოიწვია. ფორმა და დრო არ ყოფილა ჩემი და ჩემი მეგობრების შერჩეული. ჩვენ ვაპირებდით ჩვენი გადაწყვეტილება გაგვეზიარებინა იმ ადამიანებისთვის პარტიის შიგნით, ვისთანაც საქმიანი ურთიერთობა გვაკავშირებდა. მე მქონდა კონსულტაცია პარტიის ერთ-ერთ ლიდერთან, რომელმაც ითხოვა გარკვეული პერიოდი საერთოდ არ გამეხმაურებინა გადაწყვეტილება. ჩვენ პირობა დავიცავით. ინფორმაციის გაჟონვა და პროცესების დაჩქარება მოხდა ჩვენგან დამოუკიდებლად. ძალიან ვწუხვართ, რომ ვერ მოვასწარით იმ ადამიანებისთვის ჩვენი გადაწყვეტილების წინასწარ გაცნობა, რომლებთან ურთიერთობაც ჩვენთვის ძვირფასია", - აღნიშნულია განცხადებაში.