"ნაციონალური მოძრაობიდან" წასული დეპუტატები ახალი პოლიტიკური ცენტრის შექმნას აპირებენ

"ნაციონალური მოძრაობიდან" წასული დეპუტატების მტკიცებით, 2016 წლის არჩევნებში საპარლამენტო მანდატისთვის ბრძოლას არც ერთი მათგანი არ აპირებს , რადგან სჯერათ, რომ საზოგადოება სიახლეს ითხოვს.

ამის შესახებ ზურაბ ჯაფარიძის, გოგა ხაჩიძის, გიორგი მელაძისა და პავლე კუბლაშვილის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი, თუმცა ასევე აღნიშნულია, რომ 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის საზოგადოებას ეკონომიკური განვითარების ყველა კონკურენტზე თამამ პროგრამას შესთავაზებენ.

"ჩვენთვის არასოდეს ყოფილა მოტივაცია 2016 წლის არჩევნებში საპარლამენტო მანდატის მიღების იმედი (რაც, ჩემთვის, როგორც პარტიის აღმასრულებელი მდივნისთვის სავარაუდოდ გარანტირებული იყო). მეტიც, ჩემთან ერთად ენმ-იდან წამოსული არც ერთი კოლეგა არ აპირებს 2016 წლის არჩევნებში საპარლამენტო მანდატისთვის ბრძოლას, რადგან სჯერა რომ საზოგადოება სიახლეს ითხოვს. რატომ ახლა და არა ადრე? 2012 წლის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ ქვეყნის დემოკრატიული განვითარებისთვის პრინციპულად მნიშვნელოვანი იყო, რომ პოლიტიკურ სპექტრში გადარჩენილიყო პოლიტიკური ოპოზიცია, რომელიც ღიად და მკაფიოდ დაუპირისპირდებოდა ქვეყნის მმართველ ოლიგარქს. განვლილი წლები იყო ძალიან რთული. ამ წლებში ჩვენ არსად გავქცეულვართ, არ დავღლილვართ და პრაქტიკულად ყოველთვის ვიყავით ბრძოლის წინა ხაზზე. არც ერთ ჩვენგანს, არც ერთხელ არ მოსვლია აზრად რომ ამ პერიოდში მიეტოვებინა ბრძოლის ველი სიმშვიდის თუ კეთილდღეობის სანაცვლოდ. ჩვენ არც ახლა გავდივართ ბრძოლის ველიდან. ჩვენ ვართ იგივე პოზიციებზე, რაზეც აქამდე ვიდექით და გვყავს იგივე მოწინააღმდეგე - ტყუილებით ხელისუფლებაში მოსული ოლიგარქი, რომელმაც ქვეყანა კრიზისამდე მიიყვანა. მაგრამ დღევანდელი რეალობა არის განსხვავებული, 1,5 წელიწადში არის საპარლამენტო არჩევნები და სწორედ ამ მოწინააღმდეგის დასამარცხებლად საჭიროდ მიგვაჩნია პოლიტიკური სპექტრის ახლებურად გადანაწილება", - ნათქვამია განცხადებაში, რომელიც Facebook-ში ზურაბ ჯაფარიძის ოფიციალურ გვერდზე გავრცელდა.

რაც შეეხება დეპუტატების სამომავლო გეგმებს, მათი თქმით, ბრძOლის გაგრძელებას გეგმავენ.

"ჩვენ ვაპირებთ ბრძოლას ერთიანი საქართველოს ევროპული, დემოკრატიული მომავლისთვის; ბრძოლას იმისთვის, რომ ხელისუფლებას ჩამოვაცილოთ ოლიგარქი, რომელმაც გააჩერა ეკონომიკა, გააღატაკა მოსახლეობა და ჩამოშალა სახელმწიფო ინსტიტუტები. ჩვენ არ ვაპირებთ დროისა და ენერგიის ხარჯვას ყოფილ თანაპარტიელებთან დაპირისპირებაზე. ჩვენ გვესმის რომ მოსახლეობას დღეს ეკონომიკური პრობლემები აღელვებს. ამიტომ ჩვენი მიზანია შევქმნათ ახალი, ღია პოლიტიკური ცენტრი, მოვიზიდოთ და პოლიტიკურ პროცესში ჩავრთოთ პროფესიონალები. ჩვენ გვჯერა, რომ ადამიანების თავისუფლების რადიკალური გაზრდა ჩვენი საზოგადოების მნიშვნელოვანი ნაწილის მოთხოვნილებაა და სწორედ ამ გზით მიიღწევა საზოგადოების სწრაფი გამდიდრება. 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის საზოგადოებას შევთავაზებთ ეკონომიკური განვითარების ყველა კონკურენტზე თამამ, მაგრამ არაპოპულისტურ გეგმას. მხოლოდ ამ გზით წარმოგვიდგენია არაფორმალური მმართველობის დასრულება და ქვეყნის დემოკრატიული განვითარების გზაზე დაბრუნება", - ნათქვამია განცხადებაში.

"ნაციონალური მოძრაობა" ზურაბ ჯაფარიძემ, გოგა ხაჩიძემ, გიორგი მელაძემ და პავლე კუბლაშვილმა დატოვეს.