ირაკლი ღარიბაშვილი:   საქართველოში 3,7 მილიონი მოქალაქე დავრჩით, რაც კატასტროფაა

ირაკლი ღარიბაშვილი: საქართველოში 3,7 მილიონი მოქალაქე დავრჩით, რაც კატასტროფაა

ოფიციალური მონაცემებით, საქართველოში 3,7 მილიონი მოქალაქე დავრჩით, რაც კატასტროფაა, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინიტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა თსუ-ში პირველ დიასპორულ-პროფესიულ ფორუმზე განაცხადა.

მისივე თქმით, ოფიციალური მონაცემებით, მილიონზე მეტია საზღვრებს გარეთ  გასული, თუმცა რეალურად ეს შეიძლება იყოს მილიონნახევარი ან  - ორი მილიონი.

"ჩვენ კარგად ვიცით, რომ საქართველოში ბოლო 25 წლის განმავლობაში დატრიალებულმა მოვლენებმა განაპირობა ბევრი ოჯახის გასვლა საზღვარგარეთ და მათი დიდი ნაწილი არ დაბრუნებულა საქართველოში. ვეძებთ იმ მთავარ მოტივაციას, რამაც უნდა განაპირობოს ჩვენი მოქალაქეების დაბრუნება ქვეყანაში. ვეძებთ იდეას, რაც იქნება მათთვის მთავარი მამოძრავებელი ძალა, რაც გადააწყვეტინებს მათ,   დაბრუნდნენ საქართველოში. ჩვენ გვაქვს უზარმაზარი რესურსი, როგორც ქვეყნის შიგნით, ისე ქვეყნის გარეთ", - აღნიშნა ირაკლი ღარიბაშვილმა.

პრემიერ-მინისტრის თქმით, ასეულობით და ათასეულობით წარმატებული ქართველია მთელ მსოფლიოში მიმოფანტული. რაც შეეხება დღევანდელ დღეს, როგორც ღარიბაშვილმა აღნიშნა, დღევანდელი დღე არის ძალიან მნიშვნელოვანი.

"სახელმწიფო უნდა ზრუნავდეს საკუთარ მოქალაქეებზე, განსაკუთრებით მათზე ვინც საზღვარგარეთ არის წასული", - აღნიშნა ღარიბაშვილმა.

ქართული დიასპორის დღესთან დაკავშირებით, დღეს იმართება პირველი დიასპორული პროფესიული ფორუმი  - "გაუზიარე გამოცდილება სამშობლოს".