არქეოლოგებმა ჩვ.წ-მდე I ათასწლეულის ბოლო საუკუნეებით დათარიღებული ქართლის სამეფოს უადრესი ხანის მარნისა და ტაძრის ნაშთებს მიაკვლიეს

არქეოლოგებმა ჩვ.წ-მდე I ათასწლეულის ბოლო საუკუნეებით დათარიღებული ქართლის სამეფოს უადრესი ხანის მარნისა და ტაძრის ნაშთებს მიაკვლიეს

არქეოლოგებმა ჩვ.წ-მდე I ათასწლეულის ბოლო საუკუნეებით დათარიღებული ქართლის სამეფოს უადრესი ხანის მარნისა და ტაძრის ნაშთებს მიაკვლიეს.

როგორც "ინტერპრესნიუსს" საქართველოს ეროვნული მუზეუმიდან აცნობეს, ეროვნული მუზეუმის უძველესი თბილისის შემსწავლელმა არქეოლოგიურმა ექსპედიციამ, დიღომში, თრელიგორების უძველესი ნასახლარის ტერიტორიაზე ჩვ.წ-მდე I ათასწლეულის ბოლო საუკუნეებით დათარიღებული ქართლის სამეფოს უადრესი ხანის მარნისა და ტაძრის ნაშთებს მიაკვლია.

მარნის აღმოჩენამ თრელიგორების ნასახლარის ძნელადმისადგომ თხემზე, მეცნიერებს ავარაუდებინა, რომ მარანი შეიძლებოდა ყოფილიყო სატაძრო კომპლექსის ნაწილი. მათივე ინფორმაციით, ეს ვარაუდი კიდევ უფრო გაამყარა აეროფოტოებისა და სატელიტური გამოსახულებების შესწავლამ და არქეოლოგების მიერ ჩატარებულმა სადაზვერვო სამუშაოებმა.

"ამ პერიოდის მარნის აღმოჩენას განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება მეღვინეობის განვითარების ისტორიის კვლევისთვის. ქვევრებში დალექილი ნაშთების ლაბორატორიული კვლევა, სავარაუდოდ, მოგვცემს ინფორმაციას არსებობდა თუ არა გენური უწყვეტობა, საქართველოს სახელმწიფოებრიობის ადრეულ ეტაპზე ღვინის დასამზადებლად გამოყენებულ ყურძნის ჯიშებსა და ქვემო ქართლში დადასტურებულ, მსოფლიოში უადრეს, რვაათასწლოვან ყურძნის ჯიშებს შორის. ახალ აღმოჩენას მნიშვნელობა ენიჭება ასევე ქვევრში ღვინის დაყენების ქართული ტრადიციის ისტორიის რეკონსტრუქციის თვალსაზრისითაც",-აცხადებენ საქართველოს ეროვნულ მუზეუმში.

ექსპედიციის ხელმძღვანელია საქართველოს ეროვნული მუზეუმის თბილისის არქეოლოგიური კოლექციების კურატორი, არქეოლოგი მიხეილ აბრამიშვილი. ხვალ ძეგლზე არქეოლოგიურ სამუშაოებს საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრი მიხეილ გიორგაძე, ქალაქის მერი დავით ნარმანია და საქართველოს ეროვნული მუზეუმის გენერალური დირექტორი დავით ლორთქიფანიძე დაათვალიერებენ.