ოლიმპიური ცეცხლი ბათუმშია

ოლიმპიური ცეცხლი ბათუმშია

ბათუმის აეროპორტში სპეცთვითმფრინავით ოლიმპიური ცეცხლი ჩაიტანეს. ოლიმპიურ ცეცხლს ბათუმის აეროპორტში ადგილობრივი მთავრობისა და ცენტრალური ხელისუფლების წარმომადგენლები დახვდნენ.

თვითმფრინავიდან ოლიმპიური ცეცხლი "თბილისი 2015"-ის საორგანიზაციო კომიტეტის თავმჯდომარემ ალეკო ახვლედიანმა ჩამოიტანა და ოლიმპიურ ჩემპიონთან, ლერი ხაბელოვთან ერთად აანთო პირველი ჩირაღდანი. აეროპორტში სპეციალური ტრიბუნიდან აჭარის მთავრობის თავმჯდომარე არჩილ ხაბაძე, საქართველოს სახელმწიფო მინისტრი დავით ბაქრაძე და ოლიმპიური ჩემპიონი ლერი ხაბელოვი დამსწრე საზოგადოებას სიტყვით მიმართავენ.

ამის შემდეგ ოლიმპიურ ცეცხლს მიაწვდიან ესტაფეტაში მონაწილე მეჩირაღდნეებს. პირველი მეჩირაღდნე იქნება რუსუდან სიხარულიძე, ესტაფეტაში მონაწილეობას მიიღებენ ქართველი სპორტსმენები, ოლიმპიური ჩემპიონები, საპატიო ბათუმელები და სხვადასხვა ცნობილი სახე, მათ შორის მსოფლიო ჩემპიონები მუხრან ვახტანგაძე, სალომე მელია, რუსუდან სიხარულიძე და სხვა სპორტსმენები. ოლიმპიური ცეცხლი გაივლის აეროპორტის გზატკეცილს, ლეხ და მარია კაჩინსკის, შერიფ ხიმშიაშვილის ქუჩებს, რუსთაველის გამზირს, გოგებაშვილისა და ფარნავაზ მეფის ქუჩებს. საბოლოოდ ცეცხლს პიაცას მოედანზე ვეტერანი ფეხბურთელი რევაზ ჩელებაძე შეიტანს.

პიაცაზე, კონცერტი 22:00 საათზე დაიწყება, რომელშიც მონაწილეობას მიიღებენ მომღერლები ანრი ჯოხაძე, ნინი ბადურაშვილი, სოფო ხალვაში, გიორგი და ნიკო ბერიძეები, ნოდიკო ტატიშვილი, ნინი ბუზალაძე, "ნიკოლშოუ", დიჯეი რემბო და მუსიკალური ანსამბლები.