პროკურატურაში სისტემური ცვლილებების განხორციელებასთან დაკავშირებული საკანონმდებლო პაკეტი, პარლამენტში შევიდა

პროკურატურაში სისტემური ცვლილებების განხორციელებასთან დაკავშირებული საკანონმდებლო პაკეტი, პარლამენტში შევიდა

საკანონმდებლო პაკეტი, რომელიც პროკურატურის რეფორმირებას ითვალისწინებს, პარლამენტს განსახილველად უკვე წარედგინა.

პროკურატურა კვლავ იუსტიციის სამინისტროს ფარგლებში რჩება, თუმცა მასში სისტემური ცვლილებების განხორციელება იგეგმება.

ერთ-ერთი სიახლე იუსტიციის სამინისტროში საპროკურორო საბჭოს შექმნაა.

"პროკურატურის შესახებ" კანონში დაგეგმილი ცვლილებებით, რომლის შემადგენლობაში აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად, სამოქალაქო სექტორის მიერ განსაზღვრული პირები შევლენ.

საბჭოს ძირითადი ფუნქციები იქნება: საგანგებო (ad hoc) პროკურორის დანიშვნა; თავისი კომპეტენციის ფარგლებში მთავარი პროკურორის კანდიდატურის დამტკიცება და მისი თანამდებობიდან გათავისუფლების შესახებ მთავრობისა და პარლამენტისთვის მიმართვა; მთავარი პროკურორის წინააღმდეგ დისციპლინური სამართალწარმოების განხორციელება; პროკურატურის ორგანოთა საქმიანობის შესახებ მთავარი პროკურორის ან მისი მოადგილის ანგარიშის მოსმენა და სხვა ფუნქციების განხორციელება.

პარლამენტში წარდგენილი პროექტის გათვალისწინებით, საპროკურორო საბჭო ცხრა წევრით დაკომპლექტდება. მას იუსტიციის მინისტრი უხელმძღვანელებს. საპროკურორო საბჭოს შემადგენლობში იქნებიან: პარლამენტის ორი წევრი, რომლებსაც პარლამენტი სიითი შემადგენლობის უმრავლესობით აირჩევს; საქართველოს პროკურორთა კონფერენციის მიერ არჩეული ოთხი პროკურორი წევრი; უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებებისა და სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების მიერ წარდგენილ კანდიდატთაგან პარლამენტის მიერ სიითი შემადგენლობის უმრავლესობით არჩეული ორი წევრი.

საპროკურორო საბჭოს წევრი არ შეიძლება იყოს უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებისა და სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციის ის წარმომადგენელი, რომელიც საადვოკატო საქმიანობას ეწევა.

საკანონმდებლო ცვლილებების პროექტი იუსტიციის სამინისტრომ მოამზადა. ის პარლამენტში მთავრობის მიერ არის ინიცირებული.