ზურაბ აბაშიძე:   საინტერესოა ჯაფარიძის მოსაზრებები, რატომ ემიჯნება

ზურაბ აბაშიძე: საინტერესოა ჯაფარიძის მოსაზრებები, რატომ ემიჯნება "ნაციონალურ მოძრაობას"

"თავისუფალი დემოკრატების" წევრები "ნაციონალური მოძრაობიდან" გოგა ხაჩიძის, ზურაბ ჯაფარიძის, პავლე კუბლაშვილისა და გიორგი მელაძის გასვლას ეხმაურებიან.

როგორც "თავისუფალი დემოკრატების" წევრმა, ირაკლი ჩიქოვანმა ჟურნალისტებთან თემის კომენტირებისას განაცხადა, მისთვის დიდ ინტერესს არ წარმოადგენს შიდა პოლიტიკური დაპირისპირება რომელიმე კონკრეტულ პარტიაში და მით უმეტეს "ნაციონალურ მოძრაობაში".

"ნაციონალურ მოძრაობას", როგორც აქამდე, მომავალშიც ნაკლებად გააჩნია იმის შესაძლებლობა, რომ საზოგადოების მხარდაჭერა მოიპოვოს და რაიმე სახის პოლიტიკური აქტივობა განავითაროს", - განაცხადა ირაკლი ჩიქოვანმა.

"თავისუფალი დემოკრატების" კიდევ ერთი წევრის, ზურაბ აბაშიძის განცხადებით, ყველას აქვს უფლება, დატოვოს ან შეუერთდეს რომელიმე პოლიტიკურ ძალას.

აბაშიძის მოსაზრებით, მთავარი პერსონა ამ შემთხვევაში ზურაბ ჯაფარიძეა, რომელიც პარტიის აღმასრულებელი მდივანი იყო. მისივე თქმით, ეს, რა თქმა უნდა, სერიოზული დარტყმაა პარტიისთვის, როდესაც ერთ-ერთი მაღალი თანამდებობის პირი პარტიას ტოვებს და საინტერესოა ჯაფარიძის მოსაზრებები, რატომ ემიჯნება "ნაციონალურ მოძრაობას".

"ჩვენ, პარლამენტის შიგნით, "თავისუფალმა დემოკრატებმა", "ქართულმა ოცნებამ", "ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ" ერთიანად მივიღეთ საგარეო პოლიტიკურ კურსთან დაკავშირებით დოკუმენტი, ეს იყო თანამშრომლობის ფორმა, რა თქმა უნდა, მომავალში მნიშვნელოვან საკითხებთან დაკავშირებით იმ პოლიტიკოსებთან, დეპუტატებთან, რომლებსაც გვექნება საერთო ინტერესები ქვეყნის განვითარების მიმართულებით, თანამშრომლობა იქნება, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ ვინმე "ნაციონალური მოძრაობის" მოქმედი ან ყოფილი წევრი "თავისუფალი დემოკრატების" წევრი გახდება, როგორც გახდნენ "ნაციონალური მოძრაობის" წევრები, "ქართული ოცნების" წევრები. ეს არის სრულიად გამორიცხული", - განაცხადა ზურაბ აბაშიძემ.

მისივე თქმით, ნაკლებად საინტერესოა ვინ სად გაწევრიანდება. პარტია "თავისუფალ დემოკრატებს" თავისი დღის წესრიგი აქვთ, რომლითაც მოქმედებს.