"თავისუფალმა დემოკრატებმა" მერაბ კოსტავას ხსოვნას პატივი მიაგეს

"თავისუფალმა დემოკრატებმა" ეროვნული გმირის, მერაბ კოსტავას ხსოვნას პატივი მიაგეს. პარტიის წევრები ზურაბ აბაშიძე, ირაკლი ჩიქოვანი, გიორგი ცაგარეიშვილი და ვიქტორ დოლიძე მთაწმინდის მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა პანთეონში მერაბ კოსტავას საფლავზე მივიდნენ და ეროვნული გმირის საფლავი ყვავილებით შეამკეს.

"თავისუფალმა დემოკრატებმა" მოსახლეობას საქართველოს დამოუკიდებლობის დღე მიულოცოს.

"მინდა ყველას მივულოცო საქართველოს დამოუკიდებლობის დღე. ეს არის ჩვენი ქვეყნისთვის ალბათ ყველაზე უმნიშვნელოვანესი თარიღი. ამავდროულად დღეს არის მერაბ კოსტავას დაბადების დღე, რომელმაც თავი შესწირა, თავისი ცხოვრება საქართველოს დამოუკიდებლობას მიუძღვნა. მოვედით, რომ პატივი მივაგოთ მის ხსოვნას", - განაცხადა "თავისუფალი დემოკრატების" წარმომადგენელმა ზურაბ აბაშიძემ.

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე მიულოცა ირაკლი ჩიქოვანმა.

"ეს არის ჩვენი ქვეყნის ერთიანობის, ჩვენი ქვეყნის სიძლიერის და ქართველი ერის სიმამაცის გამოხატულების დღე. ასევე დღევანდელ დღეს ბატონი მერაბ კოსტავას დაბადების დღეა, რომელიც თვალსაჩინო და ნათელი სიმბოლოა იმისა, რომ თანამედროვე საქართველოშიც არსებობენ გმირები, რომლებიც ყველაფერს აკეთებენ საკუთარი ქვეყნის დამოუკიდებლობისა და თავისუფლებისათვის", - განაცხადა ირაკლი ჩიქოვანმა.

საქართველოს ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობის ლიდერი, ეროვნული გმირი მერაბ კოსტავა 1939 წლის 26 მაისს დაიბადა. ეროვნული გმირი 1989 წლის 13 ოქტომბერს გარდაიცვალა და თბილისში მთაწმინდის მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა პანთეონშია დაკრძალული.