„თავისუფლებას სჭირდება გაფრთხილება, არასახელმწიფოებრივ აზროვნებას დიდი ზიანი მოაქვს ქვეყნისთვის“

„თავისუფლებას სჭირდება გაფრთხილება, არასახელმწიფოებრივ აზროვნებას დიდი ზიანი მოაქვს ქვეყნისთვის“

პრემიერ-მინისტრის განცხადებით, ქართველი ჯარისკაცი პარტნიორებისა და მეგობრებისთვის შეუპოვრობის, სიმამაცის და ვაჟკაცობის სიმბოლოდ იქცა.

ირაკლი ღარიბაშვილის თქმით, საქართველოს დამოუკიდებლობა ნიშნავს, ქართული სახელმწიფო ინსტიტუტების მშენებლობას, მოქალაქეებზე ზრუნვას და სახელმწიფოს, როგორც ერთიანი ოჯახის გაძლიერებას და განმტკიცებას.

"ყველას გილოცავთ 26 მაისს, განსაკუთრებით ჩვენს წვევამდელებს.  ყველას უნდა გვახსოვდეს თუ რის ფასად ვდგავართ აქ, რის ფასად მოიპოვა ჩვენმა ქვეყანამ დამოუკიდებლობა და თავისუფლება. არასოდეს არ უნდა დაგავიწყდეს ისინი ვინც საკუთარი სიცოცხლე გაიღო სამშობლოსთვის. სწორედ მათი თავდადების შედეგია, რომ დღეს თქვენ ამაყად შეგიძლიათ თქვათ, ვემსახურები საქართველოს! ჩვენ ყველანი ვემსახურებით საქართველოს, ეს ყველაზე დიდი პატივი და პასუხისმგებლობაა. ჩვენ უნდა შევძლოთ საკუთარი ვალის აღსრულება. მე მჯერა, რომ თქვენ ღირსეულად ატარებთ ჯარისკაცის საპატიო სახელს. ჩემთვის დიდი პატივია 26 მაისი მივულოცო საქართველოს შეიარაღებულ ძალებს, განსაკუთრებით ქართულ შენაერთებს, ჩვენი ქავეყნის ერთგულ ჯარისკაცებს, რომლებიც სამშობლოსგან შორს უცხო მიწაზე, თავდადებით და ერთგულად ემსახურებიან მსოფლიოში მშვიდობის განმტკიცებას და საკუთარი სისხლის ფასად იცავენ, საქართველოს სახელმწიფოებრიობას, მის დამოუკიდებლობას და სუვენერიტეტს, ჩვენი და ჩვენი მომავალის უსაფრთხოებას. მეამაყება, რომ ქართველი ჯარისკაცი ჩვენი პარტნიორებისა და მეგობრებისთვის შეუპოვრობის, სიმამაცის და ვაჟკაცობის სიმბოლოდ იქცა“, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

ირაკლი ღარიბაშვილმა საქართველოს ტერიოტორიული მთლიანობისთვის დაღუპული გმირები გაიხსენა და მათ ხსოვნას პატივი მიაგო.

„საქართველოს დამოუკიდებლობა ნიშნავს, ქართული სახელმწიფო ინსტიტუტების მშენებლობას, ჩვენს მოქალაქეებზე ზრუნვას და სახელმწიფოს, როგორც ერთიანი ოჯახის გაძლიერებას და გამტკიცებას. დამოუკიდებლობის დღე არის ჩვენი სახელმწიფოებრიობის დღე. როცა ყველა ერთად უნდა ვაცნობიერებდეთ იმ საერთო სიკეთეს, რაც მოაქვს სამართლებრივ სახელმწიფოს. ამ იდეას მრავალი თაობა შეეწირა, მრავალი მათგანის ოცნებად დარჩა მისი ხილვა, ხოლო ჩვენ დღეს გვაქვს პატივი, რომ ვიცხოვროთ დამოუკიდებელ, ქართულ სახელმწიფოში. სწორედ ესაა პასუხისმგებლობა, იმ თაობების წინაშე, ვინც ეს იდეა განახორციელა, ვინც ჩვენ ქართული სახელმწიფო დაგვიტოვა. ესაა პასუხისმგებლობა ამავდროულად ჩვენი მომავალი თაობის წინაშე. ვისაც უნდა დავუტოვოთ ერთიანი, ძლიერი და სამართლიანი სახელმწიფო. რომელიც ჩვენი ქვეყნის მოქალაქეებზე ზრუნავს. თავისუფლებას სჭირდება გაფრთხილება, არასახელმწიფოებრივ აზროვნებას მოაქვს დიდი ზიანი ჩვენი ქვეყნისთვის და ამის მაგალითები სამწუხაროდ, ბევრი გვაქვს“, - განაცხადა ღარიბაშვილმა.

პრემიერმა მეგობარ სახელმწიფოებს, აშშ-ს, ევროპას და ყველას, ვინც მხარს უჭერს საქართველოს ერთიანობას და დამოუკიდებლობას მადლობა გადაუხადა.