ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის, ვიცე პრემიერ გიორგი კვირიკაშვილის განცხადებით, 26 მაისი არის დღე, რომელიც ძალიან ბევრი ადამიანის გმირობამ მოიტანა.
ამის შესახებ გიორგი კვირიკაშვილმა ჟურნალისტებს თავისუფლების მოედანზე განუცხადა, სადაც ეკონომიკის სამინისტროს კუთხე დაათვალიერა.
"პირველ რიგში, მინდა ყველას მივულოცო დამოუკიდებლობის დღე. ეს არის დღე, რომელიც ძალიან ბევრი ადამიანის გმირობამ მოიტანა. ის, რომ ჩვენ დღეს ვართ დამოუკიდებლები, ის რომ საქართველო არის მართლაც მშვენიერი და დამოუკიდებელი ქვეყანა, არის საუკუნეების განმავლობაში არა ერთი ადამიანის გმირობის შედეგი, მათ შორის ჩვენს უახლოეს ისტორიაში ბევრი ადამიანის გმირობის შედეგი. მინდა ვუსურვო ყველას დღეგრძელობა, ჯანმრთელობა და მშვიდობა. თქვენ ნახეთ, რომ დღეს არის ძალიან ბევრი მიღწევა გამოფენილი. აქ არის უამრავი რამ, რაც დღეს კეთდება მეწარმეობისთვის, რიგითი ადამიანებისთვის, იმისათვის, რომ შეიქმნას ახალი საწარმოები, ადამიანები დასაქმდნენ და ოჯახები არჩინონ", - განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.
ეკონომიკის მინისტრის თქმით, ჩვენ გვყავს უამრავი უნიჭიერესი ადამიანი და მთავრობის ვალია, რომ მათი ნიჭი იქნას რეალიზებული და ჰქონდეთ ის გასაქანი, რამაც მათ ოჯახებს უნდა მოუტანოს კეთილდღეობა.