დაპირისპირება "ნაციონალური მოძრაობის" წევრები საქართველოს დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით რუსთაველის გამზირზე მიმდინარე სახალხო ზეიმს შეურთდნენ.
პარტიის წევრები, მათ შორის გიგა ბოკერია, გიგი წერეთელი, სერგო რატიანი, გიორგი კანდელაკი, კობა ხაბაზი რუსთაველზე ოჯახის წევრებთან ერთად იმყოფებიან.
"გილოცავთ ყველას, ეს არის დიდი და მნიშვნელოვანი დღე ჩვენი ქვეყნის ისტორიაში. ეს არის დღე, როდესაც ჩვენ გამოვაცხადეთ უახლოეს ისტორიაში ჩვენი დამოუკიდებლობა, ამ დამოუკიდებლობისა და თავისუფლებისთვის უნდა გავაგრძელოთ ბრძოლა, შრომა და დარწმუნებული ვარ რომ ასეც იქნება", - განაცხადა გიგა ბოკერიამ.
პარტიის კიდევ ერთი-ერთი ლიდერი გიორგი ვაშაძე საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს და ერთიანობის მნიშვნელობაზე საუბრობს.
"ქვეყანაში უნდა დამთავრდეს დაპირისპირება. ჩვენ გვჭირდება გაერთიანება. საქართველომ დამოუკიდებლობას მიაღწია ერთი სურვილით, ეს იყო მთელი ერის მონდომება, სურვილი, რომ 1918-ში და 1991 წელს ჩვენ მიგვეღწია დამოუკიდებლობისთვის. ჩვენ დაპირისპირების ნაცვლად უნდა ვითანამშრომლოთ, რადგან თანამშრომლობაში იბადება საქმეც, შეიძლება ქვეყნის შენება და ქვეყანა წინ მიდის. ვისურვებდი, საქართველოში დღეს უფრო მეტი თანამშრომლობა და ურთიერთგაგება იყოს, ვიდრე დაპირისპირება და შურისძიება", - განაცხადა გიორგი ვაშაძემ.
"ნაციონალური მოძრაობის" წევრებს ასევე მოუხდათ 2011 წლის 26 მაისის მოვლენების გახსენება. როგორც გიგი წერეთელი აცხადებს, 26 მაისი საქართველოში ყოველთვის ღირსეულად უნდა აღინიშნებოდეს, რაც შეეხება წინა პერიოდში ძალიან რთულად გასახსენებელ 26 მაისს, აქ იყო სერიოზული დაგეგმილი ხელისშეშლა დამოუკიდებლობის დღის აღნიშვნისთვის.
"მე ვფიქრობ, რა თქმა უნდა, ეს არ იყო სახელმწიფოებრივი მოქმედება, ბევრი გაფრთხილება იყო. თუმცა იმაზე, რომ შეიძლება ძალის გადამეტება მოხდა და ვიღაცამ რაღაცა დაარღვია, არაერთხელ გაკეთებულა ჩემი მხრიდანაც განმარტება. ეს ის პროცესია, სადაც ძალიან ძნელია, შემდეგ ბალანსი დაიცვა და სამწუხაროდ ასე მოხდა. პასუხისმგებლობაც იქნა აღებული თავის დროზე ამის გამო. კარგია, რომ ეს არასდროს აღარ მოხდეს ქვეყანაში და იყოს სხვაგვარი განწყობა. სამწუხაროდ, როგორც ჩანს, ეს ყველაფერი ჯერ კიდევ წინ გვაქვს", - განაცხადა გიგი წერეთელმა.
2011 წლის 26 მაისს სამართალდამცველებმა სახალხო კრების მიერ ორგანიზებული აქცია ძალის გამოყენებით დაშალეს.