მამუკა გამყრელიძე

მამუკა გამყრელიძე "ნაციონალური მოძრაობიდან" წასული დეპუტატების საზოგადოება "ივერიაში" გაწევრიანებას ამ ეტაპზე გამორიცხავს

ნამდვილად ვისურვებდი ისეთი ინტელექტუალის ჩვენთან ასოცირებას, როგორიც ზურაბ ჯაფარიძეა, - ამის შესახებ "ინტერპრესნიუსს" მოძრაობა "ივერიას" ერთ-ერთმა დამფუძნებელმა , ჩინეთში საქართველოს ყოფილმა ელჩმა, მამუკა გამყრელიძემ გავრცელებულ ინფორმაციასთან დაკავშირებით განუცხადა, რომლის მიხედვითაც, ზურაბ ჯაფარიძე, გოგა ხაჩიძე, გიორგი მელაძე და პავლე კუბლაშვილი შესაძლოა, "ივერიას" შეუერთდნენ.

ამასთან, გამყრელიძის თქმით, მის ორგანიზაციაში არც ერთი მათგანი არ უნდა მოვისაზროთ, თუმცა გამორიცხული არაფერია.

"რაც შეეხება ჩვენთან თანამშრომლობას, ძალიან ვისურვებდი ისეთი ინტელექტუალის ჩვენთან ასოცირებას, როგორიც არის ზურაბ ჯაფარიძე, თუმცა ეჭვი მაქვს, რომ ეს არ მოხდება, რადგან ჩვენი ორგანიზაცია არ არის ჩამოყალიბებული პოლიტიკურ ორგანიზაციად, ზურა კი ისე არ გავიდოდა "ნაციონალური მოძრაობიდან", გარკვეული გეგმები რომ არ ქონდეს. ჩვენთან, ჩემი აზრით, არც ერთი მათგანი არ უნდა მოვისაზროთ, თუმცა გამორიცხული არაფერი არ არის. არანაირი ინფორმაცია არ მაქვს მათთან დაკავშირებით", - აღნიშნა გამყრელიძემ.

მისივე თქმით, მათი მხრიდან პარტიის დატოვებით არაფერი განსაკუთრებული არ მომხდარა.

"ტრაგედია შექმნეს მათი წამოსვლისგან "ნაციონალური მოძრაობის" წევრებმა და საოცარი ბედნიერებით აღივსნენ "ქართული ოცნების" წევრები. არაფერი განსაკუთრებული არ მომხდარა. პოლიტიკური პარტია არის ცოცხალი ორგანიზმი – ვიღაცა მიდის, ვიღაცა მოდის. ამ ადამიანებმა თავის თავისთვის უფრო ფართო მასშტაბი და სხვა ველზე გადასვლა მოინდომეს. არაფერი ტრაგიკული ამაში არ არის. ეს ადამიანები თავის პრინციპებს არ უღალატებენ. პრინციპებში ვგულისხმობ პროდასავლურ მიმართულებას. არა მგონია, მე გამოვრიცხავ, რომ შეუერთდნენ ჩემთვის ოდიოზურ ორგანიზაციას "ქართულ ოცნებას". შეხედულებების ცვლილება ნებისმიერ ადამიანს შეიძლება ჰქონდეს. უინსტონ ჩერჩილი კონსერვატორი იყო, შემდეგ გადავიდა ლიბერალებში და შემდეგ ისევ გადმოვიდა კონსერვატორებში. ამით მას არც არაფერი დაკლებია, პირიქით დიდ ბრიტანეთს შეემატა ბევრი რამ", - აღნიშნა გამყრელიძემ.

მისივე თქმით, თუ "ნაციონალური მოძრაობიდან" წავიდნენ იმის გამო, რომ ამ პარტიის გვერდში დგომას არ აპირებენ, ეს იმას ნიშნავს, რომ "ნაციონალურ მოძრაობას" ერთგვარად შეასუსტებს ზურაბ ჯაფარიძის არყოფნა.

"ზურა ინტელექტუალური, ძალიან ენერგიული ადამიანია, მცოდნე და პროფესიონალი. თუმცა, "ნაციონალური მოძრაობა" არის კარგად სტრუქტურული ორგანიზაცია, ძალიან ძლიერია წლების განმავლობაში და ოთხი კაცის წასვლა დიდად არ დააკლებს არაფერს. არის მეორე ვარიანტიც. თუ ისინი არიან მოლაპარაკებულები, რომ გავლენ და პარალელურ სტრუქტურას შექმნიან და იმავე ველზე ითამაშეს, რომელზეც "ნაციონალური მოძრაობა" თამაშობს, ამ შემთხვევაში პირიქით დივერსიფიცირება კარგიც იქნება. გახალისდება პოლიტიკური ველი, ახალი ამბები მოხდება და საინტერესო პროცესები წარიმართება", - აღნიშნა გამყრელიძემ.

შეგახსენებთ, რომ საზოგადოებრივი მოძრაობა "ივერიას" წევრები არიან ყოფილი ხელისუფლების წარმომადგენლები: მამუკა გამყრელიძე, გრიგოლ ვაშაძე, ნიკოლოზ ვაშაკიძე, ნინო კალანდაძე, მამუკა კუდავა, ნიკა რურუა და სხვები.