პარლამენტში არ გამორიცხავენ, რომ

პარლამენტში არ გამორიცხავენ, რომ "ნაციონალური მოძრაობიდან" გასული დეპუტატები ახალი ფრაქციის შექმნას შეეცადონ

"ნაციონალური მოძრაობის" ოთხი წარმომადგენლის პარტიიდან გასვლა პარლამენტში კონფიგურაციას არ ცვლის, გარდა იმისა, რომ უმცირესობის რიგები ოთხი დეპუტატით მცირდება.

საპარლამენტო უმცირესობა მხოლოდ "ნაციონალური მოძრაობის" წარმომადგენლებით არის ფორმირებული. მისი შემადგენლობიდან პავლე კუბლაშვილის, გოგა ხაჩიძის, ზურაბ ჯაფარიძისა და გიორგი მელაძის გასვლა უმცირესობის დაშლას არ იწვევს; ეს იმ შემთხვევაში შეიძლება მომხდარიყო, თუკი უმცირესობიდან მათი გასვლის შედეგად, ე.წ. დამოუკიდებელი დეპუტატების საერთო რაოდენობა უმცირესობის წევრებზე მეტი გახდებოდა.

ამასთან, "ნაციონალური მოძრაობიდან" გასული დეპუტატები ჯერ დამოუკიდებელ ფრაქციას ვერ შექმნიან, რადგან ამისთვის სულ მცირე ექვსი პარლამენტარის ერთობაა საჭირო.

პარლამენტში ამჟამად ოთხი დამოუკიდებელი დეპუტატია, რომელთაგან სამი – გიორგი გაჩეჩელაძე, კობა დავითაშვილი და მურმან დუმბაძე "ქართული ოცნებიდან" არიან გასული. კიდევ ერთი, ე.წ. დამოუკიდებელი პარლამენტარია დავით ბეჟუაშვილი. არ არის გამორიცხული, "ნაციონალური მოძრაობიდან" გასულმა დეპუტატებმა საერთო ენის გამონახვა სწორედ ბეჟუაშვილთან სცადონ.

პარლამენტში არსებული ინფორმაციით, "ნაციონალური მოძრაობის" რიგების შემცირება პავლე კუბლაშვილის, გოგა ხაჩიძის, ზურაბ ჯაფარიძისა და გიორგი მელაძის გასვლით არ დასრულდება. როგორც მმართველი გუნდის, ასევე სხვა ოპოზიციური ძალების წარმომადგენლები ელოდებიან, რომ ისინი სხვების გადაბირებას და ფრაქციის შექმნას აუცილებლად შეეცდებიან.