ოლიმპიურ ცეცხლს 26 მაისს ათენში აანთებენ

ოლიმპიურ ცეცხლს 26 მაისს ათენში აანთებენ

ოლიმპიურ ცეცხლს, რომელიც ევროპის ახალგაზრდული მე-13 ოლიმპიური ფესტივალის "თბილისი 2015-ის" სიმბოლო გახდება, საზეიმოდ 26 მაისს საბერძნეთის უძველეს ქალაქ ათენში აანთებენ.

როგორც "ინტერპრესნიუსს" "თბილისი 2015"-ის საორგანიზაციო კომიტეტიდან აცნობეს, ანთების ცერემონია პანათენაიკოსის სტადიონზე მოხდება.

მათივე ინფორმაციით, ცეცხლი სპეციალური საზეიმო ცერემონიალის შედეგად აინთება და შემდეგ ქართველ სპორტსმენს, ლაშა შავდათუაშვილს, პირველ მეჩირაღდნეს გადასცემენ, რომელიც ცეცხლს სქართველოში ჩასვლამდე პირველი მოატარებს პანათენაიკოს სტადიონზე.

როგორც კომიტეტში აცხადებენ, ლაშა შავდათუაშვილი 2012 წლის ლონდონის ოლიმპიური თამაშების ჩემპიონია ძიუდოში. 2013 წელს ის ევროპის ჩემპიონი გახდა. ის ასევე საქართველოს საუკეთესო სპორტსმენის ტიტულის მატარებელია. ის ცეცხლის გადასცემს მეორე ქართველ მეჩირაღდნეს მარიამ ბოლქვაძეს, რომელიც უტრეხტში გამართული ოლიმპიური ფესტივალის მესამე ადგილის მატარებელია ჩოგბურთში.

"პანათენაიკოსის სტადიონზე ოლიმპიური ცეცხლის პირველი ესტაფეტის დასრულების შემდეგ, ქართული დელეგაცია სპეციალური ჩარტერული რეისით (Georgian Airways) ბათუმში, 20:00 საათზე ჩაიტანს ცეცხლს. ბათუმის აეროპორტში ცეცხლს ცნობილი სპორტსმენები, საზოგადო მოღვაწეეები და პოლიტიკოსები შეხვდებიან. ცეცხლს ევროპის ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალის "თბილისი 2015"-ის თავმჯდომარე ალექსი ახვლედიანი ცეცხლს საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტს გადასცემს. პიაცაზე საზეიმო კონცერტით გაგრძელდება ცეცხლის დახვედრის ცერემონია. 28 მაისიდან ოლიმპიურ ცეცხლს წაიღებენ ბათუმიდან აჭარის მაღალმთიანი რაიონებისკენ და 14 ივლისამდე მოივლის საქართველოს 67 მუნიციპალიტეტის ქალაქებსა და დასახლებულ პუნქტს. 14 ივლისს კი ცეცხლი დედაქალაქში შემოვა. 26 ივლისს კი ევროპის ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალის გახსნის ცერემონიალზე დიდ კაულდრონში აინთება და ფესტივალის დასრულებამდე იგიზგიზებს", - აცხადებენ კომიტეტში.

მათივე ინფორმაციით, ევროპის ახალგზარდული ოლიმპიური ფესტივალის ჩირაღდანი ქართულ კულტურასთან დაკავშირებული ელემენტებით არის გაფორმებული - ვაზის ფოთლები და ყურძნის მარცვლები.

ევროპის ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალი თბილისში, 26 ივლისიდან 2 აგვისტომდე გაიმართება.

ფესტივალის განმავლობაში თბილისს ესტუმრება 50 ქვეყნის 3800 მონაწილე.