საქართველოს პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, ქვეყნის დამოუკიდებლობის დაცვა, ხელისუფლების უპირველესი მოვალეობაა.
პრემიერის თქმით, საქართველო ღირსეულ ადგილს დაიმკვიდრებს, განვითარებულ და დემოკრატიულ ქვეყნებს შორის.
„ჩვენი ქვეყანა დამოუკიდებელი და სუვენერული სახელმწიფოა. ეს უდიდესი მონაპოვარია ჩვენი წინაპრების, რომელიც ჩვენ ხალხს სისხლის ფასად დაუჯდა. ჩვენ ყველა ერთად ვალდებული ვართ, რომ ამ მონაპოვარს გავუფრთხილდეთ, დავიცვათ ის რისთვისაც საუკუნეების განმავლობაში ვიბრძოდით და ვიზრუნოთ ჩვენი სამშობლოს უკეთესი მომავლისთვის. დღეს ჩვენი ქვეყანა დემოკრატიული აღმშენებლობის გზაზე დგას. ეს ჩვენი ხალხის მტკიცე არჩევანია. ესაა ჩვენი ქართული სახელმწიფოს განვითარების ერთადერთი სწორი გზა, რომელიც საერთო ევროპული ოჯახისკენ მიგვიყვანს. ჩვენ დღეს თამამად შეგვიძლია ვთქვათ, რომ ბევრად ახლოს ვართ საბოლოო მიზანთან, ვიდრე ოდესმე. ჩვენ ვალდებული ვართ ქართველ ხალხს, საქართველოს თითოეულ მოქალაქეს, შევუქმნათ ცხოვრების ღირსეული პირობები, ვიზრუნოთ მათ კეთილდღეობაზე. მე დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენ ავაშენებთ ძლიერ ქართულ სახელმწიფოს, რომელიც ერთნაირად მიმზიდველი იქნება, ქართველებისთვის, აფხაზებისთვის, ოსებისთვის და ჩვენს ქვეყანაში მცხოვრები ყველა ერის და ეთნიკური ჯგუფებისთვის. მე მჯერა, რომ საქართველო გამთლიანდება და ჩვენს აფხაზ და ოს ძმებთან ერთად ვიცხოვრებთ ერთიან, ძლიერ, ქართულ სახელმწიფოში, რომელიც ღირსეულ ადგილს დაიმკვიდრებს განვითარებულ და დემოკრატიულ ქვეყნებს შორის“, - განაცხადა ღარიბაშვილმა.