საქართველოსა და უკრაინის ნატო-ში გაწევრიანების საკითხზე გადაწყვეტილებას ალიანსის წევრი 28 ქვეყანა მიიღებს. ეს განცხადება ნატო-ს გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა "დოჟდთან" ინტერვიუში გააკეთა.
მისივე თქმით, სხვა არც ერთ ქვეყანას არ აქვს უფლება ვეტო დაადოს ნატო-ს გადაწყვეტილებას და დამოუკიდებელი ქვეყნების ალიანსში გაწევრიანებას ხელი შეუშალოს. სტოლტენბერგმა ასევე მიუღებელი უწოდა რუსეთის მიერ უკრაინის ტერიტორიის ნაწილის ანექსიას და აღმოსავლეთ უკრაინაში დესტაბილიზაციის მცდელობას.
ალიანსის გენერალური მდივნის თქმით, თუ უკრაინა ნატო-ს მიმართავს წევრობის განაცხადით, მის საკითხს ისე განიხილავენ, როგორც სხვა ყველა ქვეყნის განაცხადს.
"უკრაინა რუსეთის მხრიდან ანექსიას განიციდის და როგორც ყველა ქვეყანას, მასაც აქვს უფლება დახმარება ითხოვოს. ნატო კიევს პოლიტიკურ მხარდაჭერას უცხადებს და მას არმიის რეფორმირებაში ეხმარება. ალიანსი კიევისთვის შეიარაღების უზრუნველყოფაზე გადაწყვეტილებას ვერ მიიღებს, ვინაიდან ეს ნატო-ს წევრი ქვეყნების კომპეტენციაში შედის", - განაცხადა სტოლტენბერგმა.