რუსეთში სერბი ჟურნალისტი სტევან დოიჩინოვიჩი არ შეუშვეს. იგი მოსკოვის შერემეტიევოს აეროპორტიდან უკან ბელგრადში გააბრუნეს. თუმცა, მანამდე იგი ერთი დღით საიმიგრაციო ცენტრში გააგზავნეს.
ჟურნალისტი ქალაქ ვორონეჟში აპირებდა ჩასვლას, სადაც უნივერსიტეტის სტუდენტებს უნდა შეხვედროდა.
სერბეთის ჟურნალისტთა დამოუკიდებელი ასოციაციის ცნობით, აღნიშნული ინციდენტი 13 მაისს მოხდა და მხოლოდ ახლა გახდა ცნობილი. დოიჩინოვიჩს რუსეთში ჩასვლა 2020 წლამდე აუკრძალეს, მიზეზი კი უცნობია.
ჟურნალისტის თქმით, ის ამ დრომდეც არაერთხელ ჩასულა რუსეთში, თუმცა, პრობლემა არასოდეს ჰქონია. სტევან დოიჩინოვიჩი აღმოსავლეთ ევროპასა და ცენტერალურ აზიაში ორგანიზებული დანაშაულისა და კორუფციის კვლევის ცენტრში საგამოძიებო კუთხით მუშაობს. იგი ვორონეჟში სწორედ ჟურნალისტური გამოძიების შესახებ უნდა გასაუბრებოდა სტუდენტებს.
გუშინ ასევე ცნობილი გახდა, რომ რუსეთში არ შეუშვეს გერმანელი პოლიტიკოსი ბუნდესტაგის დეპუტატი, კარლ-გეორგ ველმანიც. არც მას აუხსნეს უარის მიზეზი. მას 2019 წლის ნოემბრამდე აუკრძალეს რუსეთში ჩასვლა.
ველმანი კრემლის აქტიური კრიტიკით და მოსკოვის წინააღმდეგ სანქციების გამკაცრების ინიციატივით გამოდის.
"დოიჩე ველეს" ცნობით, მას რუსეთში უკრაინის მომავალთან დაკავშირებით მოლაპარაკებებში უნდა მიეღო მონაწილეობა. მისი რუსეთში შეუშვებლობა გააპროტესტა გერმანიის მთავრობამ. ოფიციალურმა ბერლინმა საქმის გასარკვევად მოსკოვში გერმანიის ელჩი რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში გააგზავნა.