საქართველოს ვიცე-პრემიერი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტი გიორგი კვირიკაშვილი კანადის ყოფილ ვიცე-პრემიერს, შეილა კოპს და კანადელი ბიზნესმენების ჯგუფს შეხვდა.
ეკონომიკის სამინისტროს ინფორმაციით, შეხვედრაზე საუბარი წარიმართა საქართველო-კანადის ეკონომიკური კავშირების გაღრმავებაზე, მათ შორის, საქართველოში კანადური ინვესტიციების განხორციელებისა და არსებულის ხელშეწყობის მიმართულებით.
სამინისტროს ცნობით, შეხვედრაზე მონაწილე კანადელი ბიზნესმენები გურმანტგრევალი და ამარჯიტსინქჰჯატანა ორი წელია, რაც საქართველოს სოფლის მეურნეობის სექტორში თანამშრომლობენ და უკვე განახორციელეს 3 მილიონი აშშ დოლარის ინვესტიცია.
როგორც შეხვედრაზე აღინიშნა, მათი კომპანია "კავკასიის ნექტარი" წელს იწყებს საქართველოდან ბალის ექსპორტს აზიის ქვეყნებში. კომპანიას გააჩნია ხილის ბაღები გორის რაიონში, სადაც მოჰყავთ ვაშლი, ატამი, ქლიავი და ბალი. "კავკასიის ნექტარი" გეგმავს ბიზნესის განვითარებას მარნეულის მუნიციპალიტეტსა და კახეთის რეგიონში.
კანადური კომპანია, რომელსაც საკუთარი ხეხილის ბაღებიც აქვს, აქტიურად თანამშრომლობს გორის მუნიციპალიტეტის ფერმერებთან და მათგან ხილს ყიდულობს.
შეხვედრაზე საუბარი ასევე წარიმართა საქართველოში უცხოური, მათ შორის, კანადური ინვესტიციის მატებისა და საქართველოდან ექსპორტის ზრდის შესაძლებლობებზე.