წმინდა სინოდმა დემოგრაფიული განვითარების პროგრამის შექმნის გადაწყვეტილება მიიღო

წმინდა სინოდმა დემოგრაფიული განვითარების პროგრამის შექმნის გადაწყვეტილება მიიღო

საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის წმინდა სინოდმა დემოგრაფიული განვითარების პროგრამის შექმნის საკითხი დაადგინა. როგორც წმინდა სინოდის სხდომის მდივანმა, ფოთისა და ხობის მიტროპოლიტმა,  გრიგოლ ბერბიჭაშვილმა ჟურნალისტებს სხდომის დასრულების შემდეგ განუცხადა, წმინდა სინოდის სხდომაზე განხილული იყო ერისთვის, ქვეყნისთვის მნიშვნელოვანი საკითხები. მისივე თქმით, ისაუბრეს ერთ-ერთ ძალიან პრობლემურ საკითხზე, საქართველოში უმძიმესი დემოგრაფიული მდგომარეობის შესახებ. ამასთან დაკავშირებით წმინდა სინოდმა მოისმინა მეცნიერის, სპეციალისტის მოხსენება.

"წმინდა სინოდმა მისი უწმინდესობისა და უნეტარესობის, სრულიად საქართველოს კათალიკოს-პატრიარქის ილია მეორის თავმჯდომარეობით დაადგინა, რომ აუცილებლად უნდა შექმნას დემოგრაფიული განვითარების პროგრამა, სადაც კონკრეტულად გაიწერება ყველაფერი, რაც ხელს შეუწყობს ამ მდგომარეობის გაჯანსაღებას. რა თქმა უნდა, აღინიშნა, რომ ეს უნდა მოხდეს საქართველოს მთავრობასთან ერთობლიობაში. შესაბამისად გადაწყდა, რომ უნდა შეიქმნას ფონდი, რომელიც ამ პროგრამის ფარგლებში შესაბამისი საკითხის ხელშეწყობის მიზნით კონკრეტულ პროექტებს განახორციელებს", - განაცხადა მეუფე გრიგოლმა.

წმინდა სინოდის სხდომა საქართველოს საპატრიარქოში ორ საათზე მეტ ხანს მიმდინარეობდა.