სოსანაშვილის ადვოკატი უარყოფს ინფორმაციას, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფმა მკვლელობის დაკვეთა უცხოეთიდან მიიღო

სოსანაშვილის ადვოკატი უარყოფს ინფორმაციას, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფმა მკვლელობის დაკვეთა უცხოეთიდან მიიღო

იური ვაზაგაშვილის მკვლელობაში ბრალდებული გია სოსანაშვილის ადვოკატი კატეგორიულად უარყოფს გავრცელებულ ინფორმაციას, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფმა მკვლელობის დაკვეთა უცხოეთიდან მიიღო.

ადვოკატის თქმით სოსანაშვილი უდანაშაულოა და არც ის შეესაბამება სიმართლეს, თითქოს მან მკვლელობა თანხის სანაცვლოდ განახორციელა.

როგორც "ინტერპრესნიუსს" სოსო ჯოგლიძემ განუცხადა, პროკურატურამ გია სოსანაშვილს ბრალი მხოლოდ იმიტომ წარუდგინა, რომ იური ვაზაგაშვილის მკვლელობის საქმე გახსნილად გამოეცხადებინა.

ადვოკატი დარწმუნებულია, რომ მეორე ბრალდების საქმეზე, რომელიც იარაღის უკანონო შეძენა-შენახვას გულისხმობს, გორის სასამართლო გია სოსანაშვილის წინააღმდეგ საქმის წარმოებას უსაფუძვლობის მოტივით შეწყვეტს.

"მკვლელობის საქმეზე საგამოძიებო ვადა გააგრძელეს და 29 მაისის ნაცვლად, წინასასამართლო სხდომა 29 ივნისს ჩაინიშნა. თუმცა ვიცი, რომ ისევ დამირეკავენ და მაცნობებენ, რომ 29 ივნისსაც გადაიდება პროცესი. ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი თავს არ სცნობს დამნაშავედ, აქედან გამომდინარე, ეს ბრალდება უსუსურად მიმაჩნია. ნაფიცი მსაჯულებისთვის ამზადებენ საქმეს, მაგრამ ჩვენი უფლებაა უარი ვთქვათ, რადგან არ შეიძლება ადამიანს ასეთი რაღაც დააბრალო, რათა საქმე გაუხსნელი არ დარჩეს. რაც შეეხება გავრცელებულ ინფორმაციას, რომ დამკვეთი საზღვარგარეთ არის წასული, საქმის მასალებში არ მინახავს. აქედან გამომდინარე, ამ ინფორმაციას მტკიცებულებითი ძალა არ აქვს. რაც შეეხება ფულის აღებას, ასეთი რამე არ ყოფილა. ეს რომ ყოფილიყო დადგენილი, გამოძიებას მკვლელობის მოტივიც ხელთ ექნებოდა, რაც ამ დროისთვის არ აქვს. გამოძიება ვაზაგაშვილისა და ჩემი დაცვის ქვეშ მყოფის რაიმე სახის ურთიერთობასაც ვერ ადგენს. ვერავინ ირტყვის, რომ ჩემი დაცვის ქვეშ მყოფს ვაზაგაშვილზე ცუდი აქვს ნათქვამი, ან სოსანაშვილზე - ვაზაგაშვილს. მათ არანაირი ურთიერთობა არ ჰქონიათ. არ ვფლობ ინფორმაციას, რომ ეს მკვლელობა არის ფულზე მოწყობილი, ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი უდანაშაულოა. არავისთან უცხოეთში დარეკილი არ აქვს სოსანაშვილს. არ შეიძლება უდანაშაულო პირის დაკავება საქმის გახსნილად გამოცხადების მიზნით", - განაცხადა სოსო ჯოგლიძემ.

მისი თქმით, სახელმწიფო ბრალდებას არც იმის მტკიცებულება გააჩნია, რომ იური ვაზაგაშვილის მკვლელობა ზურაბ ვაზაგაშვილის მკვლელობასთან არის კავშირში.

"პირველი დარტყმა პროკურატურაზე იქნება ის, რომ იარაღთან დაკავშირებული ბრალდების გამოყოფილ საქმეზე სოსანაშვილის წინააღმდეგ, შეწყდება წარმოება უსაფუძვლობის მოტივით. სოსანაშვილს ის იარაღი და საბრძოლო მასალა, რომელიც ამოიღეს, არ ჰქონია იმ ადგილას მიტანილი. არ არსებობს კვალი, რომ მას ხელი ჰქონდეს მოკიდებული რომელიმე საბრძოლო მასალაზე. ამიტომ შეწყდება ამ საქმის წარმოება გორის სასამართლოში. ბრალდება არის უსაფუძვლო", - განაცხადა ჯოგლიძემ.

"ინტერპრესნიუსის" ინფორმაციით, იური ვაზაგაშვილის მკვლელობის დამკვეთს ევროპის ერთ-ერთ ქვეყანაში ეძებენ. სწორედ ამას უკავშირდება მკვლელობის საქმეზე წინასასამართლო სხდომის გადადება.

"ინტერპრესნიუსის" ინფორმაციით, გამოძიებისთვის უკვე ცნობილია მკვლელობის მოტივი, რომელზეც პროკურატურა ჯერ არ საუბრობს.

ერთ-ერთი ვერსიით, პირი, რომელსაც გამოძიება ეძებს, იდენტიფიცირებულია მკვლელობის ბრალდებით დაკავებულ გია სოსანაშვილთან სატელეფონო კავშირის მეშვეობით. აღნიშნული პირი კი, დაუზუსტებელი ცნობით, გარკვეულ კავშირშია იური ვაზაგაშვილის შვილის, ზურაბ ვაზაგაშვილის მკვლელობის საქმეზე ბრალდებულებთან.