ადვოკატი არ გამორიცხავს, რომ იური ვაზაგაშვილის მკვლელობის დამკვეთს ევროპის ერთ-ერთ ქვეყანაში ეძებდნენ

ადვოკატი არ გამორიცხავს, რომ იური ვაზაგაშვილის მკვლელობის დამკვეთს ევროპის ერთ-ერთ ქვეყანაში ეძებდნენ

ვაზაგაშვილების ოჯახის ადვოკატი არ გამორიცხავს, რომ მკვლელობის დამკვეთის ძებნა ევროპის ერთ-ერთ ქვეყანაში მიმდინარეობდეს.

როგორც "ინტერპრესნიუსს" გაგი მოსიაშვილმა განუცხადა, არც ის არის გამორიცხული, იური ვაზაგაშვილის მკვლელობის საქმეზე რამდენიმე პირი პასუხისგებაში მიეცეს.

"სოსანაშვილის წინააღმდეგ რა მტკიცებულებაც აქვს გამოძიებას, ეს არის საფუძველი, რომ გამამტყუნებელი განაჩენი დადგეს. მსჯელობა, რომ დოკუმენტები გაყალბდა და სოსანაშვილი არის მსხვერპლი, არის ალოგიკური და არასწორი. საქმეში არსებული ყველა მასალა კანონიერად არის მოპოვებული და ადასტურებს სოსანაშვილის ბრალეულობას იური ვაზაგაშვილის საქმეში. სოსანაშვილი არის ერთი რგოლი და მკვლელობა მისი მხრიდან განხორციელდა მხოლოდ და მხოლოდ შეკვეთილი მკვლელობის ფარგლებში. ვფიქრობთ, სხვა პირების პასუხისმგებლობა აუცილებლად დადგება. ახალ მიმდინარე გამოძიების მიზანია უკვე სხვა დანარჩენ პირთა პასუხისმგებლობის საკითხის გამოვლენა და დაყენება. მიმდინარეობს საგამოძშიებო მოქმედებები. გამოძიება ბევრ ეფექტურ ნაბიჯს დგამს, რომ ეს პასუხისმგებლობები გამოვლინდეს. საგამოძიებო მოქმედებები შეიძლება ჩატარდეს საქართველოში და მის ფარგლებს გარეთ, თუ არსებობს ოპერატიული ინფორმაცია, გამოძიება საზღვარგარეთაც შეიძლება ჩატარდეს", - განაცხადა მოსიაშვილმა.

ადვოკატის თქმით, "თუ არ არსებობდა დასაბუთებული ვარაუდი გამოძიების ვადის გაგრელებისთვის, სასამართლო პროკურატურის შუამდგომლობის საფუძველზე ვადას არ გააგრძელებდა.

"პროკურატურას ამისთვის არგუმენტირებული შუამდგომლობა ჰქონდა. საგამოძიებო ვადა გაგრძელდა, რათა დადგინდეს სხვა პირთა ბრალეულობა. არ არის გამორიცხული, საგამოძიებო მოქმედებები ჩატარდეს, როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე მის ფარგლებს გარეთ. საქმეს აქვს რესურსი, რომ სხვა პირების ბრალეულობაც გამოიკვეთოს, თუმცა ამის დადასტურება დღეისათვის შეუძლებელია. იმედი გვაქვს, საგამოძიებო მოქმედებები დროულად ჩატარდება. გიდასტურებთ, რომ გამოძიებას გააჩნია მოტივი სოსანაშვილის და იმ პირებისა, ვინც მკვლელობა შეუკვეთეს", - განაცხადა ადვოკატმა.

იური ვაზაგაშვილის მკვლელობის დამკვეთს ევროპის ერთ-ერთ ქვეყანაში ეძებენ. სწორედ ამას უკავშირდება მკვლელობის საქმეზე წინასასამართლო სხდომის გადადება.

ერთ-ერთი ვერსიით, პირი, რომელსაც გამოძიება ეძებს, იდენტიფიცირებულია მკვლელობის ბრალდებით დაკავებულ გია სოსანაშვილთან სატელეფონო კავშირის მეშვეობით. აღნიშნული პირი კი, დაუზუსტებელი ცნობით, გარკვეულ კავშირშია იური ვაზაგაშვილის შვილის, ზურაბ ვაზაგაშვილის მკვლელობის საქმეზე ბრალდებულებთან.

ამასთან, ერთ-ერთი ვერსიით, გამოძიება სასამართლოში წარადგენს მტკიცებულებას, რომლითაც შეეცდება დაადასტუროს, რომ ვაზაგაშვილის მკვლელობის ბრალდებით დაკავებულ გია სოსანაშვილს მკვლელობის შესრულებისთვის გარკვეული თანხა აქვს აღებული.

იური ვაზაგაშვილის მკვლელობის საქმეზე წინასასამართლო სხდომა 28 მაისისთვის იყო ჩანიშნული, თუმცა პროკურატურის შუამდგომლობის საფუძველზე, საგამოძიებო ვადის გაზრდის მოტივით, ერთი თვით გადაიდო.