"თბილისობის" დღესასწაულზე ალა პუგაჩოვას ჩამოსვლასთან დაკავშირებით მოლაპარაკებები მიმდინარეობს

"თბილისობის" დღესასწაულზე რუსი მომღერლის ალა პუგაჩოვას საქართველოში ჩამოსვლასთან დაკავშირებით მოლაპარაკებები მიმდინარეობს.

როგორც "ინტერპრესნიუსს" საქართველოს კულტურის პალატის პრეზიდენტმა, დავით ოქიტაშვილმა განუცხადა, თავად ალა პუგაჩოვას სურვილი იყო, საქართველოში ჩამოსულიყო.

"მე არც ერთ ჩემს ინტერვიუში არ მითქვამს, რომ ალა პუგაჩოვა ჩამოდის. მე ვთქვი, რომ მიმდინარეობს მოლაპარაკებები. ვვარაუდობთ 24 ოქტომბერს. ჩვენ გადავწყვიტეთ, რომ თბილისობის დღესასწაულს დაემთხვეს. მისი სურვილი იყო, რომ საქართველოს ეწვიოს, რადგან ქართველი ხალხი ძალიან უყვარს. მე, ქალბატონი ნანი ბრეგვაძე მასთან ვმეგობრობთ. 17 წლის წინ სწორედ ჩემი, ნანი ბრეგვაძისა და ნატო დუმბაძის ორგანიზებით იყო ალა პუგაჩოვა საქართველოში ჩამოსული", - განაცხადა ოქიტაშვილმა.

საქართველოს კულტურის პალატის პრეზიდენტის განცხადებით, მასთან მივიდა ალა პუგაჩოვას უახლოესი მეგობარი, დიზაინერ ბორის კრასნოვის ქართველი მეგობარი და უთხრეს, რომ ალა პუგაჩოვას მეუღლესთან ერთად საქართველოში ჩამოსვლა სურდა.

"უნდა ჩამოვიდეს და ქართველ ხალხს მოეფეროს. ჩვენ, რასაკვირველია, თანხმობა ვუთხარით, მაგრამ ასევე ვუთხარით, რომ გვაცადეთ, რათა დავლაგდეთ, მოვიფიქროთ, თუ როგორ, რანაირად შეიძლება ეს გაკეთდეს. უნდა იყოს განწყობა, რომ მოსახლეობა არ გაღიზიანდეს. ვისაც სურვილი აქვს, ჰქონდეს საშუალება, რომ კონცერტს დაესწროს. მე ვიცი ამ ქალის დამოკიდებულება საქართველოს მიმართ. ის რთულ პერიოდში – ომში, თუ ლხინში ყოველთვის ჩვენ გვიჭერდა მხარს. ბოლო მისი დაპირისპირება რუსეთის მთავრობასთან და პრეზიდენტთან და სიმღერა, იმას ნიშნავს, რომ საღად მოაზროვნე ადამიანია", - განაცხადა ოქიტაშვილმა.

მისივე თქმით, არც თავად და არც საქართველოს კულტურის პალატა საქართველოში არავის ჩამოიყვანს, ვისაც ჩვენი ქვეყანა არ უყვარს.

"არ მინდა, ამ კონცერტს რაიმე პოლიტიკური ელფერი მიეცეს. მე ერთი რამ ვიცი, რომ ალა პუგაჩოვას გადაადგილება ყოველთვის იწვევს მთელი მსოფლიო მედიის ყურადღებას და მიხარია, რომ ის საქართველოში ჩამოვა. ჯერჯერობით მოლაპარაკება მიმდინარეობს და იმედია, რომ კარგად დასრულდება", - განაცხადა ოქიტაშვილმა.