არსებული ინფორმაციით, იური ვაზაგაშვილის მკვლელობის დამკვეთს ევროპის ერთ-ერთ ქვეყანაში ეძებენ

არსებული ინფორმაციით, იური ვაზაგაშვილის მკვლელობის დამკვეთს ევროპის ერთ-ერთ ქვეყანაში ეძებენ

იური ვაზაგაშვილის მკვლელობის დამკვეთს ევროპის ერთ-ერთ ქვეყანაში ეძებენ. სწორედ ამას უკავშირდება მკვლელობის საქმეზე წინასასამართლო სხდომის გადადება.

"ინტერპრესნიუსის" ინფორმაციით, გამოძიებისთვის უკვე ცნობილია მკვლელობის მოტივი, რომელზეც პროკურატურა ჯერ არ საუბრობს.

ერთ-ერთი ვერსიით, პირი, რომელსაც გამოძიება ეძებს, იდენტიფიცირებულია მკვლელობის ბრალდებით დაკავებულ გია სოსანაშვილთან სატელეფონო კავშირის მეშვეობით. აღნიშნული პირი კი, დაუზუსტებელი ცნობით, გარკვეულ კავშირშია იური ვაზაგაშვილის შვილის, ზურაბ ვაზაგაშვილის მკვლელობის საქმეზე ბრალდებულებთან.

ამასთან, ერთ-ერთი ვერსიით, გამოძიება სასამართლოში წარადგენს მტკიცებულებას, რომლითაც შეეცდება დაადასტუროს, რომ ვაზაგაშვილის მკვლელობის ბრალდებით დაკავებულ გია სოსანაშვილს მკვლელობის შესრულებისთვის გარკვეული თანხა აქვს აღებული.

იური ვაზაგაშვილის მკვლელობის საქმეზე წინასასამართლო სხდომა 28 მაისისთვის იყო ჩანიშნული, თუმცა პროკურატურის შუამდგომლობის საფუძველზე, საგამოძიებო ვადის გაზრდის მოტივით, ერთი თვით გადაიდო. კონკრეტული თარიღი, როდის გაიმართება მკვლელობის ბრალდებით დაკავებული სოსანაშვილის წინასასამართლო სხდომა, ჯერ უცნობია.