ბრონისლავ კომოროვსკიმ ანჯი დუდას საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვება მიულოცა

ბრონისლავ კომოროვსკიმ ანჯი დუდას საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვება მიულოცა

პოლონეთის უკვე ყოფილმა პრეზიდენტმა, ბრონისლავ კომოროვსკიმ საპრეზიდენტო არჩევნებში დამარცხება აღიარა. არჩევნების მეორე ტურში იგი კონსერვატორმა ანჯი დუდამ დაამარცხა. 

დუდამ წინასწარი შედეგების მიხედვით, არჩევნებში მონაწილეთა ხმების 53 პროცენტი აიღო, რაც იმას ნიშნავს, რომ იგი პოლონეთის მომდევნო პრეზიდენტი გახდება. 

"მე პატივს ვცემ თქვენს არჩევანს. მე ჩემს მოწინააღმდეგეს ვუსურვებ წარმატებულ პრეზიდენტობას", - განაცხადა კომოროვსკიმ. 

გამარჯვებულმა დუდამ კი კომოროვსკის მადლობა გადაუხადა მილოცვისთვის და მოსახლეობას ქვეყანაში სასიკეთო ცვლილებებს დაჰპირდა. 

ბრონისლავ კომოროვსკიმ პოლონეთის პრეზიდენტის პოსტი 2010 წელს დაიკავა, მან მაშინ არჩევნების მეორე ტურში ხმათა 52 პროცენტით გაიმარჯვა. პოლონეთში პრეზიდენტს შეზღუდული უფლებამოსილებები აქვს, თუმცა, იგი შეიარაღებული ძალების მთავარსარდალია და მას ნებისმიერ ახალ კანონზე ვეტოს დადების უფლება აქვს.