„ნატო-ს წევრობაში საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიები ხელს არ უნდა უშლიდეს“

„ნატო-ს წევრობაში საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიები ხელს არ უნდა უშლიდეს“

ამერიკელი სენატორის, ქრისტოფერ მერფის განცხადებით, ნატო-ს მომავალ სამიტზე საქართველომ MAP-ის პროგრამა უნდა მიიღოს.

როგორც მერფმა „ამერიკის ხმის“ ქართულ ბიუროს განუცხადა, ოკუპირებული ტერიტორიების ფაქტორი საქართველოს ნატო-ში ინტეგრაციას 100%-ით არ უნდა ბლოკავდეს.

ამერიკელი სენატორის შეფასებით, აშშ არ დაუშვებს რუსეთმა ქვეყნებს ნატო-ს ღია კარის პოლიტიკით სარგებლობის უფლება წაართვას.

„მე საქართველოს ნატო-ში გაწევრიანებს ვუჭერ მხარს და ვფიქრობ, რომ სულ ცოტა MAP-ის პროგრამა უნდა მიიღოს კონკრეტული გზამკვლევით. რა თქმა უნდა, ამის განხორციელება იოლი არ არის, მაშინ როდესაც აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთი ოკუპირებულია, მაგრამ ეს არ უნდა უშლიდეს ხელს და 100%-ით არ უნდა ბლოკავდეს ქვეყანას ნატო-ს წევრობისგან. წინააღმდეგ შემთხვევაში, ვიღებთ იმას, რაც დნესტრისპირეთში და აღმოსავლეთ უკრაინაში ხდება. რუსეთი სავსებით სამართლიანად ჩათვლის, რომ მის აგრესიას და ტერიტორიების ოკუპაციას შეუძლია ქვეყნებს ნატო-ს ღია კარის პოლიტიკით სარგებლობის უფლება ჩამოართვას. ჩვენ ამას ვერ დავუშვებთ“,-განაცხადა მერფმა.

ნატო-ს ბოლო სამიტზე საქართველო ასპირანტ ქვეყნებს შორის ნატოსთან ყველაზე თავსებად პარტნიორად  აღიარეს და სხვა ოთხ პარტნიორ ქვეყანასთან (შვედეთი, ფინეთი, ავსტრალია, იორდანია) ერთად „გაძლიერებული შესაძლებლობების პარტნიორების“ ჯგუფში მიიწვიეს.

სამიტის ფარგლებში საქართველომ მიიღო ნატო-სთან თანამშრომლობის არსებითი პაკეტი, რომელიც განამტკიცებს ქვეყნის უსაფრთხოებას, გააძლიერებს თავდაცვისუნარიანობას და კიდევ უფრო აამაღლებს ნატო-სთან თავსებადობას. ახალი ინიციატივის თანახმად, ნატო უფრო მეტად იქნება წარმოდგენილი საქართველოში, საქართველო უფრო მეტად ინტეგრირებული ალიანსში და მეტად დაახლოებული ნატოში გაწევრიანების მიზანთან.

ნატო-ს მომავალი  სამიტი 2016 წლის 8-9 ივლისს ვარშავაში გაიმართება.