„ვიზალიბერალიზაციის პროგრამის შესახებ რიგის სამიტის გადაწყვეტილებით იმედგაცრუებული ვარ“

„ვიზალიბერალიზაციის პროგრამის შესახებ რიგის სამიტის გადაწყვეტილებით იმედგაცრუებული ვარ“

ამერიკელი სენატორის, ქრისტოფერ მერფის განცხადებით, აშშ ყველაფერს გააკეთებს იმისთვის, რომ ვიზის ლიბერალიზაციის პროგრამის შემდეგი შანსი საქართველოსთვის დადებითად გადაწყდეს.

როგორც ამერიკელმა სენატორმა „ამერიკის ხმის ქართულ ბიუროს განუცხადა, საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანება არამარტო საქართველოსთვის, არამედ მთელი მსოფლიოსთვის მნიშვნელოვანია.

„ვფიქრობ, რომ საქართველოს და უკრაინის მომავალი ევროპასთან ერთად უნდა იყოს. გადაწყვეტილება გაწევრიანების განრიგის შესახებ, რა თქმა უნდა, ევროკავშირმა უნდა მიიღოს. აშშ-მა კი ყველა ღონე უნდა იხმაროს თავისი შესაძლებლობების ფარგლებში, რომ საქართველო და უკრაინა გაწევრიანებისთვის მოამზადოს. იმედგაცრუებული ვარ ვიზის ლიბერალიზაციის პროგრამასთან დაკავშირებით მიღებული რიგის სამიტის გადაწყვეტილებით. ჩვენი საელჩოს დახმარებით, ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ ვიზის ლიბერალიზების პროგრამის შემდეგი შანსი საქართველოსთვის დადებითად გადაწყდეს. ალბათ, გარკვევით უნდა განვაცხადოთ, რომ საქართველოს ინტეგრაცია ევროკავშირში მნიშვნელოვანია არამარტო საქართველოსთვის, არამედ მთელი მსოფლიოსთვისაც“,-განაცხადა მერფმა

მისივე თქმით, მსოფლომ რუსეთის პრეზიდენტს უნდა დაანახოს, რომ ის ვერ განსაზღვრავს ქვეყნების არჩევანს თუ რომელ  გაერთიანებას შეუერთდეს.

„თუკი ვლადიმერ პუტინი ფიქრობს, რომ ევროკავშირში ქვეყნის სწრაფვის შეჩერება შეუძლია მისი მიწების ნაწილის თავზე გაურკვევლობის ერთგვარ ღრუბელს შექმნით, მაშინ,  მისი აგრესია აღარ გაჩერდება. იქნება ეს ნატო-ს გაფართოება თუ ევროკავშირის ახალი ქვეყნების ხარჯზე ექსპანსია, ჩვენი მესიჯი პუტინისადმი უნდა იყოს, რომ მას ვეტოს ძალა არ გააჩნია და ვერ გადაწყვეტს თუ ვინ შეუერთდება ევროკავშირს ან ნატო-ს“,- განაცხადა მერფმა.

რიგაში „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ სამიტი 21-22 მაისს გაიმართა. „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ მონაწილე ქვეყნების მიერ მიღწეული პროგრესი სამიტის ბოლოს ერთობლივ დეკლარაციაში აისახა.  ანგარიში, რომელზეც დეკლარაციაშია საუბარი, აღნიშნავს საქართველოს მნიშვნელოვან პროგრესს რეფორმების კუთხით დასახული ამოცანების შესრულებაში, თუმცა, ის ასევე განსაზღვრავს იმ სფეროებს, სადაც ქვეყანას ჯერ კიდევ შესასრულებელი რჩება ამოცანები.

რიგის სამიტზე მიღებულ დეკლარაციაში აღნიშნულია, რომ მომდევნო შეფასებას ევროკომისია 2015 წლის ბოლოს წარადგენს.

ცნობისთვის, უვიზო მიმოსვლის რეჟიმის ფარგლებში საქართველოს მოქალაქეს უფლება ექნება შენგენის ქვეყნებში  უვიზოდ, ჩვეულებრივი პასპორტით შევიდეს და იქ მაქსიმუმ 90 დღის განმავლობაში დარჩეს. უვიზო რეჟიმი საქართველოს მოქალაქეს შენგენის ქვეყნებში სწავლისა და ლეგალური მუშაობის უფლებას არ აძლევს.