"საქართველომ უფრო დიდი პროგრესი განიცადა, ვიდრე აღმოსავლეთ პარტნიორობის სხვა რომელიმე ქვეყანამ"

დიდი ბრიტანეთის ელჩის საქართველოში ალექსანდრა ჰოლ-ჰოლის შეფასებით, საქართველომ იმ რეფორმებით, რაც ქვეყანაში გატარდა, უფრო დიდი პროგრესი განიცადა, ვიდრე აღმოსავლეთ პარტნიორობის სხვა ქვეყნებმა.

დიდი ბრიტანეთის და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებული სამეფოს ელჩი საქართველოში ალექსანდრა ჰოლ-ჰოლი თვლის, რომ საქართველომ რიგის სამიტზე საკმაოდ მნიშვნელოვანი გზავნილები მიიღო.

მისი თქმით, საქართველო სწორი მიმართულებით მიდის და რიგის სამიტმა აჩვენა, რომ ევროკავშირს   აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებთან წარმატების პროცესის გაგრძელება სურს.

"ზოგი ამ სამიტის მიმართ მოლოდინს ზედმეტად ზრდიდა, თუმცა, პროცესები საკმაოდ მყარად მიმდინარეობს. ყველაფერი რიგზეა. საქართველო კარგად მიდის. თქვენ სწორი მიმართულებით მოძრაობთ, მთავარია გქონდეთ რწმენა და ნდობა და ყველაფერი კარგად იქნება. საქართველომ თავისი რეფორმებით უფრო დიდი პროგრესი განიცადა, ვიდრე აღმოსავლეთ პარტნიორობის სხვა რომელიმე ქვეყანამ. ასე, რომ ვფიქრობ, ყველამ უნდა ვთქვათ, რომ საკმაოდ მყარად მივიწევთ წინ. არასწორი იყოს იმის თქმა, რომ თუ რამეს ვერ მიიღებდით რიგის სამიტზე ეს კატასტროფა იქნებოდა, რადგან ამ სამიტზე საკმაოდ კარგი მესიჯები მიიღეთ",-განაცხადა ჰოლ-ჰოლმა.

რიგაში „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ სამიტი 21-22 მაისს გაიმართა. „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ მონაწილე ქვეყნების მიერ მიღწეული პროგრესი სამიტის ბოლოს ერთობლივ დეკლარაციაში აისახა.