ევროპაში აშშ-ის არმიის სარდალმა, გენერალ-ლეიტენანტმა ფრედერიკ ბენ ჰოჯესმა საქართველოს მოსახლეობას დამოუკიდებლობის დღე მიულოცა, რომელიც 26 მაისს აღინიშნება.
როგორც ამერიკელმა გენერალმა საქართველოს თავდაცვის მინისტრ, თინა ხიდაშელთან შეხვედრის შემდეგ გამართულ ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა, მისთვის ძალიან დიდი პატივია ის ჯილდო, რომელიც გუშინ საქართველოს პრეზიდენტმა გადასცა.
"ეს არის დასტური ჩვენი ურთიერთობის, აშშ-ის და საქართველოს შეირაღებული ძალების ურთიერთობის და ჩვენს ქვეყნებს შორის სტრატეგიული ურთიერთობის. ევროატლანტიკური თანამშრომლობა საქართველოსა და ამერიკის შეერთებულ შტატებს შორის დღეს კიდევ უფრო მყარია, ვიდრე აქამდე იყო.
საქართველოს როლი, როგორც შავი ზღვის სანაპირო ქვეყნის და მისი ურთიერთობა ევროპულ ქვეყნებთან კიდევ უფრო გაძლიერდა", - განაცხადა ამერიკელმა გენერალმა.
მისივე თქმით, სამხედრო წვრთნა, "ღირსეული პარტნიორი", რომელიც დღეს სრულდება, უმნიშვნელოვანესია ორი ქვეყნის ურთიერთობაში. "პირველად მოხდა, როდესაც ამერიკის შეერთებულმა შტატებმა მოახერხა ჯავშანტრანსპორტიორები სწორედ შავი ზღვის საშუალებით ყოფილიყო ტრანსპორტირებული. მე ძალიან კმაყოფილი ვარ და ვამაყობ წლევანდელი წვრთნებით. იმედს გამოვთქვამ და ასევე დარწმუნებულიც ვარ, რომ მომავალ წელს გავამყარებთ და გამოვიყენებთ იმ გამოცდილებას, რომელიც წელს მივიღეთ. ეს წვრთნები კიდევ ერთი დემონსტრირებაა იმისა, რომ სახელმწიფოების უფლებაა თავისი არჩევანი გააკეთოს", -განაცხადა ფრედერიკ ბენ ჰოჯესმა.
მან მადლობა გადაუხადა საქართველოს თავდაცვის მინისტრ თინა ხიდაშელს და გენერალური შტაბის უფროს ვახტანგ კაპანაძეს.
"ქალბატონო მინისტრო, მე ძალიან კმაყოფილი ვარ, გილოცავთ. თქვენი გამბედაობა და თქვენი ლიდერობა მნიშვნელოვანია", - განაცხადა ამერიკელმა გენერალმა.