ირინა ჰაკამადა: ვეკითხები ქართველებს: ვთქვათ, თქვენთან ხელისუფლებაში მოვიდა ტირანი მმართველი, რომელიც გჩაგრავთ, მაგრამ დაგიბრუნათ აფხაზეთი...

ირინა ჰაკამადა: ვეკითხები ქართველებს: ვთქვათ, თქვენთან ხელისუფლებაში მოვიდა ტირანი მმართველი, რომელიც გჩაგრავთ, მაგრამ დაგიბრუნათ აფხაზეთი...

ლატვიის ტელეკომპანია LTV-ის პროგრამით „პირადი საქმე" («Личное дело») გადაიცა ინტერვიუ ცნობილ პოსტსაბჭოთა ოპოზიციონერ პოლიტიკოსთან ირინა ჰაკამადასთან. მან, სხვა საკითხებთან ერთად, ისაუბრა რუსეთ-დასავლეთის ურთიერთობაზე, კომენტარი გაუკეთა დასავლეთის მიერ რუსეთის წინააღმდეგ დაწესებულ სანქციებს, შეეხო ვლადიმირ პუტინის პოპულარობის მიზეზებს და ამ ფონზე საქართველოც მოიხსენია...

ირინა ჰაკამადას თქმით, დასავლეთს იმედი აქვს, რომ ანტირუსულ სანქციებს ორი შედეგი მოჰყვება: ან რუსეთის ხელისუფლება „ჭკუას მოუხმობს" და მიხვდება, რომ ძველებური პოლიტიკის გაგრძელება აღარ შეიძლება, ანდა რუსი ხალხი „აჯანყდება და ტირან პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინს დაამხობს".

ირინა ჰაკამადა: „თუ სანქციების მიზანი რუსეთის ეკონომიკის განადგურებაა (და ეს შესაძლებელია, მაგრამ სურსათთან დაკავშირებით კი არა, არამედ ამერიკული სანქციების გამო, მოწინავე ტექნოლოგიებთან მიმართებით), მაშინ ამის შედეგად შეიძლება მართლაც სოციალური აფეთქება მოხდეს. მაგრამ ამ აფეთქების შედეგად რუსეთის ხელისუფლებაში ლიბერალები,  დემოკრატები და პროევროპელები კი არ მოვლენ, არამედ ნაციონალ-პატრიოტები. ჰოდა, აი, მერე ვნახავთ სეირს! თუ სანქციებით ყირიმის გამო რუსეთის დასჯაა განზრახული, მაშინ დასავლეთმა უნდა იცოდეს, რომ ყირიმის საკითხი რუსი ხალხის კონსოლიდაციას ახდენს. ყირიმი რუს ხალხს პრეზიდენტის ირგვლივ აერთიანებს! მორჩა და გათავდა. და ამას ვერანაირად ვერ შეცვლი. იმიტომ, რომ ყირიმის შემოერთება რუსი ხალხის უმრავლესობის დიდი ხნის ოცნება იყო.

ჩემთვის, მაგალითად, სულ ერთია, ყირიმი ვის კუთვნილებაში იქნება - მე იქ მშვენივრად დავდიოდი, როცა უკრაინისა იყო და ახლაც ჩავალ, როცა რუსეთისაა. მაგრამ რუსეთში ბევრისათვის ეს ნოსტალგიაა - მაქსიმ ვოლოშინი, 1920-იანი წლები, ვერცხლის ეპოქა... ომისშემდგომი ყირიმი, იალტა და სევასტოპოლი... რატომაა „აკვიატებული" ეს აზრი? ბევრს არ ესმის. სხვათაშორის, იგივეა საქართველოშიც. ვეკითხები ქართველებს: მოდით, ბატონო ქართველებო, წარმოვიდგინოთ, რომ თქვენთან ხელისუფლებაში მოვიდა ძალიან ავტორიტარული მმართველი, რომელიც თქვენ უფლებებს გიზღუდავთ და გჩაგრავთ. მაგრამ მან დაგიბრუნათ აფხაზეთი, რომელზეც დილიდან საღამომდე საუბრობთ. დაგიბრუნათ მშვენიერი აფხაზეთი (სამხრეთ ოსეთი ნაკლებად გაღელვებთ) თავისი ზღვით და გაგრით. აი, ბათუმი ხომ გაქვთ, გაგრაც ისევ გექნებათ. მითხარით, მხოლოდ გულწრფელად: იმ თქვენს ტირან მმართველს ყველაფერს აპატიებთ? დიახ, ყველაფერს ვაპატიებთო! აი, ახლა ხომ გაიგეთ, რატომაა რუსი ხალხი ვლადიმირ პუტინის მხარდამჭერი?