თბილისის საკრებულოს თავმჯდომარემ გიორგი ალიბეგაშვილმა ქართველ ხალხს ,,აფხაზეთობა" მიულოცა. როგორც "ინტერპრესნიუსს" თბილისის საკრებულოდან აცნობეს , დღესასწაულთან დაკავშირებით ეთნოგრაფიულ მუზეუმში გამართულ საზეიმო ღონისძიების გაიხსნას დაესწრნენ: საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი, თბილისის საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი ალიბეგაშვილი, საკრებულოს მაჟორიტარი დეპუტატი ჯაბა ჯიშკარიანი, ასევე საქართველოს აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლებისა და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები, დიპლომატიური კორპუსი, აფხაზეთიდან დევნილი ინტელიგენცია.
,,სრულიად საქართველოს ვულოცავ ამ მნიშვნელოვან დღესასწაულს – ,,აფხაზეთობას" და ასევე სვიმონ კანანელის ხსენების დღეს. საქართველოში ქრისტიანობის მქადაგებელის სვიმონ კანანელის სალოცავი მღვიმე დღემდე არის შემორჩენილი აფხაზეთში. იმედს გამოვთქვამ, რომ მისი მადლითა და შემწეობით საქართველო მალე გაერთიანდება და ჩვენ ყველანი ამის მომსწრენი გავხდებით", – განაცხადა გიორგი ალიბეგაშვილმა.
,,აფხაზეთობა", ტრადიციულად, მესამე წელია ტარდება და მისი მიზანი აფხაზეთის კულტურული მემკვიდრეობის პოპულარიზაცია და აფხაზეთიდან დევნილი მეცნიერებისა და ხელოვნების სფეროს წარმომადგენლების მხარდაჭერაა.
სახალხო დღესასწაულად 23 მაისი, სვიმონ კანანელის ხსენების დღე, უწმინდესისა და უნეტარესის, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია მეორის ინიციატივითა და ლოცვა-კურთხევით დაწესდა.