სასიხარულოა, რომ ისეთი ბრენდი, როგორიცაა

სასიხარულოა, რომ ისეთი ბრენდი, როგორიცაა "კალტემბერგი" საქართველოში შემოდის

ძალიან სასიხარულოა, რომ ისეთი ბრენდი, როგორიცაა "კალტემბერგი" საქართველოში შემოდის, - ამის შესახებ ვიცე პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა კომპანია "კასტელის" ქარხანაში განაცხადა, სადაც კომპანია "კასტელსა" და ბავარიული სამეფო ლუდის, "კალტემბერგის" წარმომადგენლებმა ხელი მოაწერეს შეთანხმებას, რომლის თანახმადაც, საქართველოში ბავარიული სამეფო ლუდის ხარშვა იწყება.

"კასტელის" ქარხანაში დღეს ვიცე-პრემიერი გიორგი კვირიკაშვილი იმყოფებოდა.

"ძალიან სასიხარულოა, რომ ისეთი ბრენდი, როგორიცაა "კალტემბერგი", ეს არის ბავარიის სამეფო ლუდი, საქართველოში შემოდის და განახორციელა 3.5 მილიონი ევროს ინვესტიცია ადგილობრივ ცნობილ ბიზნესმენ თემურ ჭყონიასთან ერთად. ძალიან სასიხარულოა, რომ ამ ქარხანაში უკვე 300-მდე ადამიანია დასაქმებული და მათ აქვთ გეგმები, რომ სავაჭრო ნიშნით განავითარონ რესტორნების ქსელი, რაც კიდევ უფრო მეტ ინვესტიციასა და დასაქმებულ ადამიანს ნიშნავს", - განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.

მისივე თქმით, თემურ ჭყონია არის ერთ-ერთი ყველაზე გამოჩენილი ქართველი მეწარმე-ბიზნესმენი, რომელმაც უკვე მერამდენე საერთაშორისო ცნობილი ბრენდი შემოიყვანა საქართველოში.

"ძალიან დიდი გეგმები აქვს ამ ჯგუფს მთლიანობაში, როგორიცაა, მაგალითად, "მაკდონალდსის" ქსელის განვითარება, ისე, რომ მთლიანად ეს ქსელი გადავიდეს ადგილობრივი წარმოების პროდუქტზე, რასაც ჩვენ ძალიან მივესალმებით და მაქსიმალური ხელშეწყობა ექნება ამ მიმართულებით", - განაცხადა კვირიკაშვილმა.