სასჯელაღსრულების N16 დაბალი რისკის დაწესებულების 14 თანამშრომელი ვისკონსინის შტატში ორკვირიან სწავლებას გაივლის.
ტრენინგის ფარგლებში მონაწილეები სასწავლო კურსის პარალელურად სასჯელაღსრულების რამდენიმე დაწესებულებას მოინახულებენ და პენიტენციური მიმართულებით ვისკონსინის შტატის გამოცდილებასაც გაიზიარებენ. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმობა უსაფრთხოების უზრუნველყოფის, რისკების შეფასების, მსჯავრდებულთა კლასიფიკაციის, სასჯელის ინდივიდუალური დაგეგმვისა და მსჯავრდებულთა რესოციალიზაციის საკითხებს.
აღნიშნული სწავლების დასრულების შემდეგ სასჯელაღსრულების N16 დაწესებულება გაიხსნება, რომელიც მაქსიმალურად მიახლოებულია ევროპულ სტანდარტებთან და შესაბამისი კვალიფიკაციის კადრებით დაკომპლექტდება.
გიორგი მღებრიშვილმა ამერიკის შეერთებულ შტატებს მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა და თანამშრომლებს წარმატება უსურვა: „ მადლობას ვუხდი ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობას, რომელიც აქტიურად გვეხმარება პენიტენციური სისტემის თანამშრომელთა კვალიფიკაციის ამაღლებაში. მათი მხარდაჭერით სულ რამდენიმე თვის წინ სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს წარმომადგენლებმა კოლორადოს შტატში ძალიან მნიშვნელოვანი და საჭირო სწავლებები გაიარეს. ამჯერად ჩვენი უცხოელი კოლეგების გამოცდილებასა და ცოდნას სასჯელაღსრულების N16 დაბალი რისკის დაწესებულების პერსონალი გაიზიარებს. როგორც იცით, ესაა დაწესებულება, რომელიც მაქსიმალურად შეესაბამება დასავლურ სტანდარტებს .თუმცა, მე კარგად მესმის, რომ მხოლოდ თანამედროვე ინფრასტრუქტურა ვერ განაპირობებს მსჯავრდებულთა წარმატებულ რესოციალიზაცია-რეაბილიტაციას და ძალიან მნიშვნელოვანია თანამშრომელთა კვალიფიკაცია, განათლება და შემართება. მოცემული დაწესებულება თანამშრომელთა გადამზადებისთანავე გაიხსნება. ასე რომ, წარმატებებს ვუსურვებ ჩემს თანამშრომლებს და იმედი მაქვს, ისინი მიიღებენ ცოდნას და გამოცდილებას, რომელსაც შემდეგ აქტიურად გამოიყენებენ საკუთარ საქმიანობაში“.
აღნიშნული ტრენინგი ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოსა და სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს შორის 2014 წლის გაფორმებული მემორანდუმის ფარგლებში ხორციელდება, რომლის თანახმადაც, აშშ-ს საერთაშორისო ნარკოტიკებისა და კანონის აღსრულების საქმეთა ბიურო (INL) საქართველოს სასჯელაღსრულების სისტემაში 2-წლიან პროექტს ახორციელებს.
პროექტის ძირითადი მიზანია საქართველოში თანამედროვე სასჯელაღსრულების პრაქტიკის დანერგვა და სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს თანამშრომელთა შესაბამისი მომზადება.
აღნიშნული პროექტის ფინანსური მხარდაჭერის მიზნით ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობამ 1 მილიონი დოლარი გამოყო, რომელიც კონგრესმა გასული წლის სექტემბერში დაამტკიცა.