თბილისში დღეს სახალხო ზეიმი

თბილისში დღეს სახალხო ზეიმი "აფხაზეთობა" აღინიშნება

თბილისში დღეს სახალხო ზეიმი "აფხაზეთობა" აღინიშნება. როგორც "ინტერპრესნიუსს" აფხაზეთის მთავრობიდან აცნობეს, სვიმონ კანანელის ხსენების დღეს, უწმინდესისა და უნეტარესის, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსის და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტის, ილია მეორის ინიციატივით და ლოცვა კურთხევით, 23 მაისი "აფხაზეთობის"" დღედ დაწესდა.

აფხაზეთის მთავრობის ინფორმაციით, ამ დღესთან დაკავშირებით, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის ორგანიზებით მთელი დღის განმავლობაში სხვადასხვა ღონისძიებაა დაგეგმილი. კერძოდ, დღეს, 09:00 საათზე სიონის საკათედრო ტაძარში მოციქული სვიმონ კანანელის ხსენების დღესთან დაკავშირებით სადღესასწაულო წირვა აღევლინება.

10:30 საათზე აფხაზეთის ხელისუფლების წარმომადგენლები და დევნილი საზოგადოება გვირგვინით შეამკობენ გმირთა მემორიალს. საქართველოს ერთიანობისათვის დაღუპულ მებრძოლთა სულის მოსახსენიებელ პანაშვიდს გადაიხდიან.

11:00 საათზე კი ეთნოგრაფიულ მუზეუმში სახალხო დღესასაწაული ,,აფხაზეთობა"" საზეიმოდ გაიხსნება. მოეწყობა სხვადასხვა კულტურული ღონისძიება, სამხატვრო და ლიტერატურული კონკურსების გამარჯვებულთა დაჯილდოვება, აფხაზეთის კულტურული მემკვიდრეობის ამსახველი ფოტო-მასალების გამოფენა, სპორტული შეჯიბრებები, აფხაზეთის მხატვართა ნამუშევრების გამოფენა, ბავშვთა ნახატებისა და ხალხური რეწვის ნიმუშების გამოფენა, აფხაზეთის სახელოვნებო სკოლებისა და სასწავლებლების მოსწავლეთა კონცერტი, სადაც შესრულდება ქართულ-აფხაზური ცეკვები და სიმღერები.
18:00 საათზე საზეიმო დღესასწაული აფხაზეთის სიმღერისა და ცეკვის სახელმწიფო ანსამბლ ,,აფხაზეთის" ახალი საკონცერტოი პროგრამის პრეზენტაციით თბილისი არტ-ჰოლში დასრულდება.
ღონისძიებაზე მოწვეულები არიან საქართველოს აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლებისა და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები, დიპლომატიური კორპუსი, აფხაზეთიდან დევნილი ინტელიგენცია. 

სახალხო ზეიმზე დასწრება თავისუფალია.