„ლიბერთი ბანკს“ ბადრი პატარკაციშვილის ოჯახი ყიდულობს

„ლიბერთი ბანკს“ ბადრი პატარკაციშვილის ოჯახი ყიდულობს

„ლიბერთი ბანკს“ ბადრი პატარკაციშვილის ოჯახი ყიდულობს. „კომერსანტის“ ინფორმაციით, ამ ეტაპზე მიმდინარეობს აქტივების შესწავლის პროცესი პატარკაციშვილის ოჯახის მხრიდან, რომელსაც ამ გარიგებაში ორი პიროვნება – გიორგი კალანდარიშვილი და ირაკლი რუხაძე წარმოადგენენ. 

რამდენიმე დღის წინ ლადო გურგენიძემ „კომერსანტს“ დაუდასტურა,  რომ  ლიბერთის სამეთვალყურეო საბჭოდან მიდის. 

გურგენიძის საბჭოდან ვადამდე (სამუშაო კონტრაქტი 2015 წლის 31 დეკემბერს იწურებოდა) გასვლის და წევრებად ირაკლი რუხაძის და გიორგი კალანდარიშვილის შეყვანის საკითხებს, აქციონერები 19 ივნისის საერთო კრებაზე განიხილავენ.

ორივე დასახელებული პიროვნება ბადრი პატარკაციშვილის ოჯახთან მჭიდროდაა დაკავშირებული. 

გიორგი კალანდარიშვილი ბადრი პატარკაციშვილის ,,სტანდარტ ბანკის" გენერალური დირექტორი იყო ბანკის გაყიდვამდე. 

რაც შეეხება ირაკლი რუხაძეს, ის ”სელფორდ ჯორჯიას” გენერალური დირექტორი იყო. "სელფორდ ჯორჯია" ფონდებისა და ინვესტიციების მმართველი კომპანიაა, რომლის სათაო ოფისი ლონდონში მდებარეობს. სწორედ ის მართავდა პატარკაციშვილის აქტივებს. მათ შორის ტელეკომპანია "იმედსაც".

„ლიბერთი ბანკის“ ძირითადი აქციონერი დინუ პატრიჩიუ იყო, რომელიც რამდენიმე თვის წინ გარდაიცვალა. 

ბანკის სამეთვალყურეო საბჭოში, 19 ივნისამდე რჩებიან ლადო გურგენიძე, რომელიც ბანკის აქციათა 7,33%-ის მესაკუთრეა, ასევე აქციათა 25,7%-ის მფლობელი მალიკ იშმურატოვი, 9,31%-ის ბენეფიციარი ალექსეი იუსფინი და ასევე მეოთხე წევრი, მარტინ პოლ გრემი.