საქართველოს ხელისუფლებასა და დელეგაციას ევროკომისიამ უკან საშემოდგომო გამოაყოლა, - ამის შესახებ ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში ყოფილმა სახელმწიფო მინისტრმა, "თავისუფალი დემოკრატების" ერთ-ერთმა ლიდერმა ალექსი პეტრიაშვილმა ტელეკომპანია "მაესტროს" ეთერში რიგის სამიტის შედეგების შეფასებისას განაცხადა.
"პირდაპირ გეტყვით, რომ საქართველოს ხელისუფლებასა და დელეგაციას ევროკომისიამ უკან საშემოდგომო გამოაყოლა. ეს საშემოდგომო გამოსწორებადია, უბრალოდ თუ იქნება პოლიტიკური ნება, გუნდური მუშაობა და ძალისხმევა", - აღნიშნა პეტრიაშვილმა.
მისივე თქმით, საქართველოს ხელისუფლებას არ უნდა ჰქონდეს თვითკმაყოფილების განცდა. "მე მოვისმინე ემოციურ-სოლიდარული გაუგებრობის მორიგი მწკრივი, რომ ის ამოცანა, რომელიც გვქონდა დასახული, რომ დეკლარაციაში კარგი ფრაზები ჩაწერილიყო, ამისთვის არ წასულა დელეგაცია. მერე იყო მთელი რიგი ურთიერთგამომრიცხავი განცხადებებისა, იყო მოლოდინი უვიზო მიმოსვლის, ხან არ იყო. რეალობა ასეთი იყო. დარწმუნებული ვარ, რომ ამის შესაძლებლობა იყო და მომავალშიც იქნება და ისე, როგორც ეს უნდა რუსეთის ელჩს ევროკავშირში, ასე ნამდვილად ვერ იქნება, თუკი ხელისუფლება პოლიტიკურ ნებას გამოამჟღავნებს", - განაცხადა პეტრიაშვილმა.
მისივე თქმით, რეალურად რამდენიმე პუნქტია შესასრულებელი და ბოლომდე მისაყვანი, მაგრამ "ბოლო კვირეებში და რამდენიმე დღეში კი არ უნდა მუშაობა დედაქალაქებში, არამედ ამას 24 საათიანი მუშაობა სჭირდება". ალექსი პეტრიაშვილმა აღნიშნა, რომ მთავრობამ ძალისხმევა დააკლო.
აღმოსავლეთ პარტნიორობის რიგით მეოთხე სამიტი რიგაში დღეს დასრულდა.