საქართველოში ესპანეთის მუდმივი დიპლომატიური წარმომადგენლობა გაიხსნება

საქართველოში ესპანეთის მუდმივი დიპლომატიური წარმომადგენლობა გაიხსნება

პარლამენტის თავმჯდომარის, დავით უსუფაშვილის განცხადებით, უახლოეს ორ თვეში, საქართველოში, ესპანეთის მუდმივი დიპლომატიური წარმომადგენლობა გაიხსნება. მისი თქმით, ეს გადაწყვეტილება ესპანეთის სენატის თავმჯდომარესთან შეხვედრაზე მიიღეს.

როგორც უსუფაშვილმა ესპანეთში, სენატის თავმჯდომარესთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა, მნიშვნელოვანია ასევე, რომ მომავალ კვირაში ესპანეთი დაასრულებს ასოცირების ხელშეკრულების რატიფიკაციის პროცესს.

მისივე თქმით, გუშინ ძალიან მნიშვნელოვანი ღონისძიება გაიმართა, სადაც საქართველოს დამოუკიდებლობა უამრავმა ესპანელმა აღნიშნა.

"ქეთი მელუას კონცერტი იყო ყველაზე უფრო საუკეთესო, რითიც საქართველო ესპანეთში შეიძლება წარმოჩენილიყო ამ დღის ფარგლებში. ქეთიმ არა მხოლოდ საოცარი სიმღერა შემოგვთავაზა, არამედ აუდიტორიას ძალიან კარგად აუხსნა რა არის საქართველო და რატომ არის ის სასურველი ქვეყანა ყველასთვის", - აღნიშნა პარლამენტის თავმჯდომარემ.