ლევან ბოძაშვილი:    თუ რიგის სამიტისგან მეტი მოლოდინი გვქონდა, ეს იყო გადაჭარბებული

ლევან ბოძაშვილი: თუ რიგის სამიტისგან მეტი მოლოდინი გვქონდა, ეს იყო გადაჭარბებული

ევროკავშირის საკითხთა ექსპერტის ლევან ბოძაშვილის აზრით, თუ რიგის სამიტისგან მეტის მოლოდინი გვქონდა, ეს იყო გადაჭარბებული.

როგორც ბოძაშვილმა "ინტერპრესნიუსს" განუცხადა, სამიტის დეკლარაციამ კიდევ ერთხელ გამოაჩინა, რომ ძალიან ბევრი რამ არის გასაკეთებელი სისტემური ცვლილებების ფორსირებულად განსახორციელებლად, რადგან ერთია საკანონმდებლო დონეზე რეფორმების გატარება და მეორე, მათი იმპლემენტაციის ეფექტური დანერგვა და პრაქტიკაში განხორციელება.

"მივიღეთ ის, რასაც მე პირადად ველოდებოდი - არც მეტი, არც ნაკლები და თუ რამე მეტის მოლოდინი გვქონდა, ეს იყო გადაჭარბებული. მთავარია, იმ ვითარებაში, როდესაც ევროკავშირში ჯერ კიდევ გადაუწყვეტელია, თუ რა ფორმატით გამონახოს რუსეთთან ურთიერთობის უმტკივნეულო გზა, ის მაინც ცდილობს შეინარჩუნოს აღმოსავლეთის პარტნირობის ფორმატის მაღალი ხარისხი, როგორც რეგიონში ერთადერთი საგარეო პოლიტიკის განხორციელების მექანიზმი. ფინანსური დანაპირები და დახმარება ასოცირების იმპლემენტაციის პროცესში არის მნიშვნელოვანი ელემენტი და ახალი მექანიზმი, რომლის ასე მასშტაბურად გაწევას ევროკავშირი არ აპირებდა. რაც შეეხება სავიზო ლიბერალიზაციას, როგორც აქამდე ვაცხადებდი შემოდგომისთვის საბოლოო შეფასების მიღება ასევე მოსალოდნელი იყო, ხოლო ევროპული პერსპექტივის ზოგადი ფორმით აღიარება _ კვლავ სუსტი და ორაზროვანი, თუმცა იმედის მომცემი რჩება. მნიშვნელოვანია, ევროკავშირმა დაინახა, რომ თუ არა პარტნიორების მოთხოვნათა გათვალისწინება რაიმე სახით მაინც, იგი აღმოსავლეთის პარტნიორობას ვერ შეინარჩუნებს იმ სახით, როგორითაც აქამდე იყო, რაც საბოლოო ჯამში რუსეთის გამარჯვება იქნებოდა. ამავე დროს სამიტის დეკლარაციამ კიდევ ერთხელ გამოაჩინა, რომ ძალიან ბევრი რამ არის გასაკეთებელი სისტემური ცვლილებების ფორსირებულად განსახორციელებლად, რადგან ერთია საკანონმდებლო დონეზე რეფორმების გატარება და მეორე, მათი იმპლემენტაციის ეფექტური დანერგვა და პრაქტიკაში განხორციელება. სავიზო ლიბერალიზაციაზე შემდეგი მოხსენებაც სწორედ ამ კუთხით შეფასება იქნება", - განაცხადა ბოძაშვილმა.

აღმოსავლთ პარტნიორობის რიგით მეოთხე სამიტი რიგაში დღეს დასრულდა.