დონალდ ტუსკი:  რაც რიგის სამიტზე იქნა მიღწეული, ეს მაქსიმუმია

დონალდ ტუსკი: რაც რიგის სამიტზე იქნა მიღწეული, ეს მაქსიმუმია

ჩვენ არ შეგვიძლია, გავცეთ ძალიან ოპტიმისტური დაპირებები, რომლებიც მთლიანად ეხმიანება "აღმოსავლეთ პარტნიორობის" ქვეყნების მოლოდინებს , - ამის შესახებ რიგის სამიტის შემაჯამებელ პრესკონფერენციაზე ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა, დონალდ ტუსკიმ განაცხადა, რითაც უპასუხა შეკითხვას, როდის მიიღებენ მოლდოვა, საქართველო და უკრაინა ვიზალიბერალიზაციას. მისივე შეფასებით, რაც სამიტზე დღეს იქნა მიღწეული, მაქსიმუმია.

"გულახდილად მოგახსენებთ - ევროკავშირი დაპირებებს, რა თქმა უნდა, გასცემს, მაგრამ ჩვენ არ ძალგვიძს, გავცეთ ძალიან ოპტიმისტური დაპირებები, რომლებიც მთლიანად ეხმიანება ამ ქვეყნების მოლოდინებს. ალბათ, ზუსტად უნდა დაიჭიროთ ეს განსხვავება ჩვენ დაპირებებსა და ჩვენი პარტნიორების მოლოდინებს შორის. რაც შეეხება უვიზო მიმოსვლის რეჟიმს საქართველოსა და უკრაინისთვის, ამ პროცესს სჭირდება ევროპული საბჭოს და 28 წევრის თანხმობა. ყველა მათგანი – პრემიერი, პრეზიდენტი _ თავიანთ საუბრებში ხაზს უსვამდა, რამდენად მნიშვნელოვანია ვიზალიბერალიზაციის პროცესის თემები მათთვის. პოლიტიკური განწყობა, როდესაც საკითხი ეხება ამ თემას, იყო ძალზედ ოპტიმისტური და ძალზედ მაღალი დონის პასუხისმგებლობით გამოირჩეოდა", - განაცხადა დონალდ ტუსკიმ.

რაც შეეხება უშუალოდ სამიტის მიმდინარეობას, ევროპული საბჭოს პრეზიდენტის შეფასებით, საკმაოდ რთული იყო დეკლარაციის ტექსტის ფორმულირებებზე შეთანხმება.

"ეჭვგარეშეა, ფორმულირებებზე საუბარი და მოლაპარაკება საკმაოდ რთული იყო. რა თქმა უნდა, ენის, ტერმონოლოგიის საკითხი ძალიან მნიშვნელოვანია პოლიტიკაში, მაგრამ შემიძლია მოგახსენოთ, რომ არაფერი არ იცვლება, როცა საკითხი ეხება ჩვენს განზრახვებს. კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ჩვენ მივიწევთ არჩეული კურსით, მაგრამ არავის გაუცია დაპირებები, რომ "აღმოსავლეთ პარტნიორობის" სამიტი იქნებოდა პროცესის ავტომატური დასაწყისი ევროკავშირის წევრობამდე. თქვენ გზაზე მხარდამჭერებიც გეყოლებათ, სკეპტიკოსებიც და ოპონენტებიც, მაგრამ ფაქტია, რომ ჩვენ მივაღწიეთ ამბიციების მოცემულ დონეს, რაც საკმაოდ დასაფასებელია. ესეც რთული და კომპლექსური პროცესი იყო. ეს არის მაქსიმუმი. ამ მაქსიმუმს მივაღწიეთ დღეს, მაგრამ ჩვენ ვაგრძელებთ მუშაობას", - აღნიშნა ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა.