ბიზნესფორუმი დამატებითი სტიმული იქნება ქართული და ავსტრიული ბიზნესწრეების ურთიერთობების გასაღრმავებლად

ბიზნესფორუმი დამატებითი სტიმული იქნება ქართული და ავსტრიული ბიზნესწრეების ურთიერთობების გასაღრმავებლად

ვიმედოვნებთ, რომ საქართველო-ავსტრიის ბიზნესფორუმი კიდევ უფრო დამატებითი სტიმული იქნება ქართული და ავსტრიული ბიზნესწრეების მჭიდრო ურთიერთობების გასაღრმავებლად, - ამის შესახებ ჟურნალისტებს საქართველოს პრეზიდენტის მრჩეველმა ეკონომიკის საკითხებში, გიორგი აბაშიშვილმა სასტუმრო "თბილისი მარიოტში" საქართველო-ავსტრიის ბიზნესფორუმის მიმდინარეობისას განუცხადა.

მისი თქმით, მნიშვნელოვანია ავსტრიის პრეზიდენტის, ჰაინც ფიშერის ვიზიტი საქართველოში, რომელსაც თან ახლავს ყველაზე მსხვილი ავსტრიული კომპანიების წარმომადგენლობა.

"ეს თავისთავად ხაზს უსვამს საქართველოსადმი განსაკუთრებულ ინტერესს. ავსტრია ძალიან საინტერესო ქვეყანაა საქართველოსთვის. ავსტრიელი ინვესტორები ყოველთვის გამოირჩევიან სერიოზული ინტერესით საქართველოს მიმართ. ეს არის ლოჯისტიკის მიმართულება, ტურიზმი, მაღალი ტექნოლოგიების მიმართულება. ვიმედოვნებთ, რომ დღევანდელი ბიზნესფორუმი კიდევ უფრო დამატებითი სტიმული იქნება ქართული და ავსტრიული ბიზნესწრეების მჭიდრო ურთიერთობების გაღრმავებისკენ", - განაცხადა აბაშიშვილმა.

საქართველო-ავსტრიის ბიზნესფორუმი ავსტრიის პრეზიდენტმა ჰაინს ფიშერმა და საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა გახსნეს და დამსწრე საზოგადოებას სიტყვით მიმართეს.