2015 წელს კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში ეკონომიკური აქტიურობის დაღმასვლა გაგრძელდება

2015 წელს კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში ეკონომიკური აქტიურობის დაღმასვლა გაგრძელდება

2015 წელს კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში ეკონომიკური აქტიურობის დაღმასვლა გაგრძელდება. ამის შესახებ საერთაშორისო სავალუტო ფონდის მიერ გამოქვეყნებულ 2015 წლის მაისის ანგარიშშია ნათქვამი.

ანგარიშის თანახმად, 2014 წელთან შედარებით 2015 წელს მთლიანი შიდა პროდუქტი (მშპ) საქართველოში 4.7%-დან 2 პროცენტამდე შემცირდა, თუმცა, 2016 წლისათვის მოსალოდნელია 3 პროცენტამდე მატება.

ანგარიშის მიხედვით, სომხეთში, ყაზახეთში, საქართველოსა და ტაჯიკეთში წელს ინფლაციის ზრდა 1-დან 7 პროცენტამდეა მოსალოდნელი.

"ექსპორტისა და ფულადი გადარიცხვების შემცირებამ, ასევე რუბლის გაუფასურებამ ცენტრალური აზიის ქვეყნების ვალუტებზე გავლენა მოახდინა, შედეგად თურქმენეთში და აზერბაიჯანში 2015 წლის დასაწყისში ვალუტებმა დევალვაცია განიცადა. სომხეთში, საქართველოში, ტაჯიკეთსა და ყირგიზეთში კი აშშ დოლარის მიმართ გაუფასურება დაუშვეს საერთაშორისო რეზერვების დასაცავად და ფულადი გზავნილების შიდა სავალუტო ღირებულების მხარდასაჭერად", - წერია ანგარიშში.

როგორც საერთაშორისო სავალუტო ფონდის მიერ გამოქვეყნებულ დოკუმენტშია აღნიშნული, იმისათვის, რომ ინფლაცია არ გაღრმავდეს, შესაძლოა საჭირო გახდეს მონეტარული პოლიტიკის გამკაცრება რეგიონში, ღრმა სტრუქტურული რეფორმები კი განსაკუთრებით ბიზნესკლიმატის გაძლიერების მიზნით, გაზრდის პერსპექტივას და ეკონომიკური ზრდას უფრო ინკლუზიურს და დივერსიფიცირებულს გახდის.