უახლოეს წლებში განსახორციელებელი პროექტების ჯამური საინვესტიციო მოცულობა 1 მილიარდ 251 მილიონ დოლარს შეადგენს, - აღნიშნულის თაობაზე პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ადგილობრივ ბიზნესმენებს ინფორმაცია ბათუმში, სასტუმრო "ჰილტონში" შეხვედრაზე მიაწოდა.
პრემიერის განმარტებით, მხოლოდ სასტუმროების კუთხით ქალაქში უახლოეს წლებში 23 ახალი სასტუმროს მშენებლობა იგეგმება.
"ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია ის, რომ ბათუმში შენდება ახალი სასტუმროები. ზოგადად ტენდენცია საკმაოდ დადებითია და ამ კუთხით ოპტიმისტურად ვართ განწყობილი. ჩვენ დროს ბათუმში გაიხსნა 6 სასტუმრო, აქედან ორი ხუთვარსკვლავიანი, რაც ძალიან კარგი ნიშანია.
მხოლოდ წელს განსახორციელებული ინვესტიციის მოცულობა შეადგენს 364 მილიონ დოლარს. ასევე, გასულ წელს კერძო პირდაპირი ინვესტიციის მოცულობა 2012 წელთან შედარებით იყო 81 %-ით გაზრდილი და შეადგინა 276 მილიონი დოლარი, 2013 წელთან შედარებით კი - ზრდა იყო 42 % და შეადგინა 195 მილიონი ამერიკული დოლარი.
უახლოეს წლებში ბათუმში განხორციელდება 23 ახალი სასტუმროს მშენებლობა, განსახორციელებელი პროექტების ჯამური საინვესტიციო მოცულობა კი იქნება 1 მილიარდ 251 მილიონ დოლარი", - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.
მთავრობის მეთაურმა ბათუმში დაგეგმილ პროექტებზე უფრო დეტალურადაც ისაუბრა და ის კომპანიები დაასახელა, რომლებიც ქალაქში ახალი სასტუმროების მშენებლობას გეგმავს.
"ახალ ბულვარში 50 000 000 დოლარის ღირებულების საინვესტიციო პროექტი მიმდინარეობს. შპს "ღეკან Gროუპ Gეორგია" სასტუმრო კომპლექსს ააშენებს. მშენებლობა 2017 წელს დასრულდება. "ორბი ჯგუფი" იუსტიციის სახლის მიმდებარე ტერიტორიაზე სასტუმროსა აპარტამენტების მშენებლობას აწარმოებს. ხელშეკრულების მიხედვით არანაკლებ 30 000 000 ლარის ინვესტიცია განხორციელდება და დაახლოებით 3 წელიწადში დასრულდება. შპს "იალჩინი" იუსტიციის სახლის მიმდებარედ ასევე 100 ნომრიანი სასტუმროს მშენებლობას ახორციელებს. ინვესტიციის მოცულობა 9 მილიონი აშშ დოლარს შეადგენს.
ასევე მიმდინარე პროექტებია: 1. სასტუმრო "დრიმ ლენდ ოაზისი", 20 მლნ დოლარის ინვესტიციით - სულ აპარტამენტებიანად 60 მლნ დოლარი დაიხარჯება ამ პროექტში, რაც ძალაინ მნიშვნელოვანია. 2. სასტუმრო "კასტელო მარო" გაიხსნება 2015 და ჩაქვში ოაზისის დამატება იქნება. 3. სასტუმრო "მეგაპალასი", 4. სასტუმრო კომპლექსი "ლეო გრანდი", რომელიც იქნება 182 ნომრიანი, მისი ინვესტიციის მოცულობა კი 35 მლნ დოლარია. აღნიშნული ინვესტიცია დახლოებით 700 ადამიანი დასაქმებას ითვალისწინებს. ასევე, 5. კომპანია "Atlas Georgia"-ს ხუთვარსკვლავიანი სასტუმრო კომპლექსი, რომელიც 42 მილიონი დოლარის ინვესტიციას მოიცავს, 2019 წელს დასრულდება. 6. "ტამ-ჯეო" – "BABILON" ბათუმში შენდება არანაკლებ 120 ნომრიანი 4-ვარსკვლავიანი სასტუმრო-კომპლექსი და 33-სართულიანი, 141 მეტრი სიმაღლის საცხოვრებელი კომპლექსი. ინვესტიციის მოცულობა: 45 მილიონი აშშ დოლარი. 7. შპს "მარი ჯგუფი" (კოლიზეუმი) - თუ არ ვცდები, წელს გაიხსნება.
აშენდება ოთხვარსკვლავიანი, არანაკლებ 100 ნომრიანი სასტუმრო კომპლექსი. ინვესტიციის ოდენობაა 29 მილიონი აშშ დოლარი. ასე რომ, ძალიან კარგი ტენდენციაა. საინტერესო და დადებითი დინამიკა გვაქვს. ეს ყველაფერი არის დამაიმედებელი ჩვენთვის", - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.