აშშ-ის სასამართლომ ბოსტონის მარათონის დროს განხორციელებული ტერაქტის ორგანიზებაში ბრალდებულ ჯოხარ ცარნაევს სიკვდილით დასჯა მიუსაჯა. "ბიბისის" ცნობით, მოსამართლის გადაწყვეტილებით ცარნაევს ლეტალური ინექციით დასჯიან.
ბოსტონის ტერაქტის ორგანიზატორს ინდიანას შტატში ფედერალურ სასჯელაღსრულების დაწესებულებაში გადაიყვანენ, სადაც იგი სიკვდილით დასჯას უნდა დაელოდოს.
"სასამართლომ იმსჯელა. ჯოხარ ცარნაევი ჩადენილ დანაშაულს თავის სიცოცხლის შეწირვით გამოისყიდის", - განაცხადა მოსამართლემ.
მოსამართლის გადაწყვეტილებას თავად ცარნაევიც ისმენდა, თუმცა, მას ემოცია არ გამოუხატავს.
2013 წლის აპრილში ბოსტონის მარათონის დროს მომხდარი ტერაქტის შედეგად სამი ადამიანი დაიღუპა და 260 დაშავდა. გამოძიების მიხედვით, ტერაქტი ჩეჩენმა ძმებმა ჯოხარ და ტამერლან ცარნაევებმა განახორციელეს. უფროსი ძმა ტამერლანი იმ დღესვე დაიღუპა, ჯოხარი კი გაიქცა, რომელიც მოგვიანებით დააკავეს.