17 მაისისთვის ოჯახის სიმტკიცისა და სიწმინდის დაცვის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიებები გაუქმდა

17 მაისისთვის ოჯახის სიმტკიცისა და სიწმინდის დაცვის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიებები გაუქმდა

აწყურის ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის ხატი დედაქალაქში ხვალ პირველად შემობრძანება. როგორც "ინტერპრესნიუსს" საქართველოს საპატრიარქოდან აცნობეს, 16-17 მაისს აწყურის ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის ხატის დედაქალაქში პირველად შემობრძანება აღინიშნება, ამიტომ საქართველოს ეკლესიამ უმჯობესად მიიჩნია, ეს დღეები ლოცვითი მსვლელობებით და მსახურებებით აღნიშნოს.

"ჩვენი სურვილი გაითვალისწინეს შემოქმედებითმა კოლექტივებმა, არასამთავრობო ორგანიზაციებმა და საზოგადოებრივმა ჯგუფებმა და 17 მაისისთვის, - ოჯახის სიმტკიცისა და სიწმინდის დაცვის დღისადმი მიძღვნილი მათ მიერ დაგეგმილი ღონისძიებები გააუქმეს, რისთვისაც დიდ მადლობას ვუხდით", - ნათქვამია განცხადებაში.

საპატრიარქო აწყურის ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის ხატის გადაადგილების განრიგს აქვეყნებს, რომლის თანახმადაც, ხვალ, 10:00 საათზე მღვდელმთავრები და მოძღვრები სვეტიცხოვლის საკათედრო ტაძარში წირვას აღავლენენ.

ხვალვე, 14:00 საათზე ხატებთან ერთად დაიწყება ავტობუსებით და მსუბუქი მანქანებით მსვლელობა მცხეთიდან თბილისისკენ, ვარდების მოედნამდე (სასტუმრო "რედისონთან"); 15.00 საათზე მღვდელმთავრები, მოძღვრები და მრევლი აწყურის ღვთისმშობლის და წმიდა ანდრია მოციქულის ხატებს ვარდების მოედნიდან ფეხით სამების საკათედრო ტაძრისკენ წააბრძანებენ, სადაც 17:00 საათზე სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, უწმინდესი და უნეტარესი ილია მეორე პარაკლისს გადაიხდის და დალოცავს მრევლს. ხალხს დაურიგდება აწყურის ღვთისმშობლის ხატები და ყველას სცხებენ წმიდა ადგილებიდან ჩამოტანილ ზეთს.

17 მაისს, სამების საკათედრო ტაძარში, სადაც დაბრძანებული იქნება აწყურის ღვთისმშობლის ხატი და სხვა სიწმინდეები, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი აღავლენს წირვას, გადაიხდის პარაკლისს და წაკითხული იქნება გვარებისა და ოჯახების კურთხევის ლოცვა.

"კათოლიკოს-პატრიარქის სიგელი გადაეცემათ ჩვენი ეკლესიის წევრ მრავალშვილიან ოჯახებს, განურჩევლად ეროვნებისა. შემდეგ კი ხალხს დაურიგდება დღესასწაულთან დაკავშირებული ბროშურები. გვჯერა, აწყურის ღვთისმშობელის ხატისადმი გამოვლენილი ჩვენი სასოების სანაცვლოდ გაცხადდება ყოვლადწმიდა მარიამის ნათქვამი: `დიდად შევეწიო (ამ ხატით) მონაწილესა მას ჩემდა ხვედრებულსა (ქვეყანას)", - ნათქვამია განცხადებაში.