თენგიზ ფხალაძე:   ჩვენ ახლავე უნდა დავიწყოთ ფიქრი ნატო-ს მომავალ სამიტზე

თენგიზ ფხალაძე: ჩვენ ახლავე უნდა დავიწყოთ ფიქრი ნატო-ს მომავალ სამიტზე

ჩვენ ახლავე უნდა დავიწყოთ ფიქრი ნატო-ს მომავალ ვარშავის სამიტზე, იმასთან დაკავშირებით თუ რა შეიძლება საქართველომ მიიღოს და როგორ მოახდინოს საერთაშორისო მხარდაჭერის კონსოლიდაცია, - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტის მრჩეველმა საგარეო ურთიერთობების საკითხებში თენგიზ ფხალაძემ განაცხადა.

ფხალაძე მიესალმა თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მევლუთ ჩავუშოღლუს განცხადებას იმის შესახებ, რომ ნატო-ს მომდევნო სამიტის მიზანს საქართველოს, მაკედონიის, ბოსნიისა და მონტენეგროს ალიანსში გაწევრიანება წარმოადგენდეს, თუმცა აღნიშნა, რომ პროგნოზების გაკეთება ჯერჯერობით ნაადრევია.

"ნატო-ს მინისტერიალამდე დარჩენილია წელიწადზე ცოტა მეტი. სულ რაღაც რამდენიმე დღის წინ საქართველოს პრეზიდენტს ჰქონდა შეხვედრა ბრიუსელში ნატოს გენერალურ მდივანთან. ბუნებრივია, ჩვენ ახლავე უნდა დავიწყოთ ფიქრი მომავალ ვარშავის სამიტზე, იმასთან დაკავშირებით თუ რა შეიძლება რომ საქართველომ მიიღოს და როგორ მოხდეს საერთაშორისო მხარდაჭერის კონსოლიდაცია. თუმცა ნებისმიერი პროგნოზისგან დღევანდელ დღეს თავს შევიკავებდი, რადგან ჯერ ჩამოყალიბებული არ არის არც სამიტის დღის წესრიგი და არც ძირითადი თემა, იქნება თუ არა ეს გაფართოების სამიტი. ასე, რომ ნებისმიერ მხარდამჭერ განცხადებას მივესალმებით და მთელი აქტივობა მიმართულია იქითკენ, რომ მხარდამჭერთა რაოდენობა კიდევ უფრო გაიზარდოს", - განაცხადა თენგიზ ფხალაძემ.

ნატო-ს მომდევნო სამიტის მიზანს საქართველოს, მაკედონიის, ბოსნიისა და მონტენეგროს ალიანსში გაწევრიანება უნდა წარმოადგენდეს, - ამის შესახებ თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, მევლუთ ჩავუშოღლუმ ანტალიაში, ნატო-ს საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრის დროს განაცხადა.

"ჩვენ მხარს ვუჭერთ ალიანსის გაფართოებას. ამ დროისთვის ოთხი კანდიდატი ქვეყანა გვყავს - მონტენეგრო, ბოსნია და ჰერცოგოვინა, მაკედონია და საქართველო. ჩვენ ვისურვებთ, რომ 2016 წლის სამიტის მიზანი ნატო-ს გაფართოება იყოს", - განაცხადა მევლუთ ჩავუშოღლუმ.

13-14 მაისს ანტალიაში ჩრდილოატლანტიკური ალიანსის წარმომადგენლების მიერ გამართული სამიტი უკრაინის და ავღანეთის საკითხებს მიეძღვნა.