რუსეთისა და აფხაზეთის საოკუპაციო რეჟიმის ლიდერების ოფიციალურ შეხვედრაზე საუბარი მხოლოდ ილუზიის შექმნაა

რუსეთისა და აფხაზეთის საოკუპაციო რეჟიმის ლიდერების ოფიციალურ შეხვედრაზე საუბარი მხოლოდ ილუზიის შექმნაა

საგარეო ურთიერთობების საკითხებში საქართველოს პრეზიდენტის მრჩევლი თენგიზ ფხალაძე აცხადებს, რომ რუსეთისა და აფხაზეთის საოკუპაციო რეჟიმის ლიდერების ოფიციალურ შეხვედრაზე საუბარი მხოლოდ და მხოლოდ ილუზიის შექმნაა, თითქოს ორი დამოუკიდებელი ლიდერი ხვდება ერთმანეთს.

როგორც ფხალაძემ ჟურნალისტებს ხაჯიმბასა და პუტინის დაგეგმილი შეხვედრის კომენტირებისას განუცხადა, ვერანაირად ვერ დაარქმევს რაიმე ტიპის ოფიციალურ შეხვედრას მსგავს ნაბიჯს, როდესაც საქმე გვაქვს საოკუპაციო რეჟიმთან და იმ ვითარებასთან, რაც დღეს არის ჩამოყალიბებული ოკუპირებულ ტერიტორიებზე.

"იმ ხელშეკრულებების გაფორმების შემდეგ, რომელიც მოსკოვმა სოხუმისა და ცხინვალის რეჟიმებთან გააფორმა, კიდევ უფრო დამძიმდა ვითარება. ამ ვითარების ფონზე, საუბარი რაიმე ოფიციალურ შეხვედრაზე არის მხოლოდ და მხოლოდ ილუზიის შექმნა, თითქოსდა ორი დამოუკიდებელი ლიდერი ხვდება ერთმანეთს. სინამდვილეში ოკუპირებულ ტერიტორიებზე ვითარება კიდევ უფრო მძიმდება. რუსეთს აქვს თავის გეგმა, რომლის განხორციელებასაც გეგმავს. რომ ვთქვათ, რაიმე მოცემულობა დღეს შეიცვალა, არ შეცვლილა, უბრალოდ ჩვენ კიდევ უფრო მეტად უნდა გავაღრმავოთ საქართველოს სახელმწიფოს მშენებლობა, რაც პირდაპირ არის დაკავშირებული იმ ნაბიჯებთან, რომელიც ევროინტეგრაციის მიმართულებით იდგმება", - განაცხადა თენგიზ ფხალაძემ და დასძინა, რომ იმ პრობლემებისგან თავის დაღწევის უმოკლესი გზა, რომლის წინაშეც დღეს დგას საქართველო, არის ძლიერი სახელმწიფოს მშენებლობა, ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაცია.