საქართველოს მთავრობამ პროკურატურის რეფორმის შესახებ საკანონმდებლო ცვლილებათა პაკეტი დაამტკიცა

საქართველოს მთავრობამ პროკურატურის რეფორმის შესახებ საკანონმდებლო ცვლილებათა პაკეტი დაამტკიცა

საქართველოს მთავრობამ საკანონმდებლო ცვლილებათა პაკეტი დაამტკიცა, რომელიც პროკურატურის რეფორმას ითვალისწინებს.

როგორც "ინტერპრესნიუსს" იუსტიციის სამინისტროდან აცნობეს, ცვლილებები მთავრობის სხდომაზე იუსტიციის მინისტრმა წარადგინა.

"პროკურატურის შესახებ" კანონის გარდა, ცვლილებები შედის "საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსსა" და "საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ" საქართველოს კანონში.

იუსტიციის სამინისტროში მომზადებული ცვლილებათა პაკეტი ახლებურად განსაზღვრავს პროკურატურის ადგილს სახელისუფლებო სისტემაში. "საქართველოს კონსტიტუციის" თანახმად, პროკურატურა იუსტიციის სამინისტროს სისტემაშია და მას იუსტიციის მინისტრი ხელმძღვანელობს. პროკურატურის ამ როლის გადახედვა საჭიროებს საკონსტიტუციო ცვლილებას, რაც ამ ეტაპზე ვერ ხერხდება. ამდენად, იუსტიციის სამინისტრომ შეიმუშავა ვარიანტი, რომელიც არ მოითხოვს საკონსტიტუციო ცვლილებებს და პროკურატურის რეფორმირებას წელსვე ითვალისწინებს ეფექტიანად და სწრაფად. ამ მოდელის თანახმად, პროკურატურის საერთო ხელმძღვანელობას იუსტიციის მინისტრი საპროკურორო საბჭოს მეშვეობით განახორციელებს, მთავარი პროკურორის დანიშვნის უფლებამოსილება კი გადანაწილდება საპროკურორო საბჭოზე, მთავრობასა და პარლამენტზე.

სამინისტროს ცნობით, საპროკურორო საბჭოს შემადგენლობაში შევლენ: იუსტიციის მინისტრი − საპროკურორო საბჭოს თავმჯდომარე; პარლამენტის 2 წევრი, რომლებსაც პარლამენტი სიითი შემადგენლობის უმრავლესობით აირჩევს; უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებებისა და სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების მიერ წარდგენილ კანდიდატთაგან პარლამენტის მიერ სიითი შემადგენლობის უმრავლესობით არჩეული 2 წევრი, რომლებიც იმავდროულად არ ეწევიან საადვოკატო საქმიანობას; და პროკურორთა კონფერენციის მიერ არჩეული 4 წევრი. საბჭოს ექნება უფლება, დაამტკიცოს საქართველოს მთავარი პროკურორის კანდიდატურა, წარადგინოს მთავრობისათვის მთავარი პროკურორის თანამდებობიდან გათავისუფლების წინადადება, განახორციელოს მთავარი პროკურორისა და მისი მოადგილეების წინააღმდეგ დისციპლინური სამართალწარმოება. საპროკურორო უფლებამოსილების განხორციელების პროცესში საპროკურორო საბჭო არ ჩაერევა.

მთავარი პროკურორის კანდიდატურას ასახელებს და საბჭოს დასამტკიცებლად წარუდგენს იუსტიციის მინისტრი; საბჭო ხმათა 2/3-ით დაამტკიცებს და წარედგინება მთავრობას, შემდეგ კი − პარლამენტს. მთავარი პროკურორის უფლებამოსილების ვადა 6 წელია.

მთავარი პროკურორის ვადამდე გათავისუფლება მოხდება მის ქმედებაში სისხლის სამართლის დანაშაულის გამოვლენის ან სერიოზული დისციპლინური გადაცდომის ჩადენის შემთხვევაში. თუ იარსებებს საკმარისი საფუძველი დასაბუთებული ვარაუდისათვის, რომ მთავარმა პროკურორმა დანაშაული ჩაიდინა, დაინიშნება საგანგებო პროკურორი, რომელიც ორი თვის ვადაში მოამზადებს და საბჭოს წარუდგენს შესაბამის დასკვნას. თუკი დასკვნა დანაშაულის ჩადენის შესახებ დასაბუთებულ ვარაუდს არ დაადასტურებს, საკითხი დღის წესრიგიდან მოხსნილად ჩაითვლება. თუკი საბჭო წევრთა 2/3-ის უმრავლესობით დაადასტურებს მთავარი პროკურორის მიერ დანაშაულის სავარაუდო ჩადენას, ის მიმართავს საქართველოს მთავრობას მთავარი პროკურორის თანამდებობიდან გადაყენების თაობაზე თანხმობის მიღების წინადადებით. თუ მთავრობა თანხმობას განაცხადებს საპროკურორო საბჭოს წინადადებაზე, ის მიმართავს პარლამენტს, რომელიც წევრთა სრული შემადგენლობის უმრავლესობით გადაწყვეტს მთავარი პროკურორის თანამდებობიდან გადაყენების საკითხს.

თუკი მთავრობა ან პარლამენტი უარს განაცხადებს პროკურორის თანამდებობიდან გადაყენებაზე, საკითხი დღის წესრიგიდან მოხსნილად ჩაითვლება.