მაია ფანჯიკიძე:   ვიმედოვნებ, ე.წ.კაბელების საქმეზე სამართლიანობა აღდგება

მაია ფანჯიკიძე: ვიმედოვნებ, ე.წ.კაბელების საქმეზე სამართლიანობა აღდგება

გამოძიებას რომ რამე ჰქონოდა ე.წ. კაბელების საქმეზე დაკავებულების საწინააღმდეგოდ, ეს აქამდე გამოჩნდებოდა, - ამის შესახებ საქალაქო სასამართლოში მისულმა "თავისუფალი დემოკრატების" ერთ-ერთმა ლიდერმა მაია ფანჯიკიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

როგორც ფანჯიკიძემ აღნიშნა, ბრალდებულების დაკავება არის პოლიტიკური გადაწყვეტილება.

"7 თვეა უკვე ეს ადამიანები ციხეში იმყოფებიან, სასამართლო სხდომები კი დღესაც არის დახურული. არავინ ვიცით კიდევ რამდენ ხანს გაგრძელდება ეს უსამართლობა და მოახერხებენ თუ არა დღეს ადვოკატები დააყენონ მათი გათავისუფლების შუამდგომლობა. იმედი მაქვს, ეს დღეს მოხერხდება, რადგან ყველაფერს აქვს საზღვარი", - განაცხადა მაია ფანჯიკიძემ.

მისი თქმით, ფაქტია, რომ არავითარი აუცილებლობა ბრალდებულების წინასწარ პატიმრობაში ყოფნის, არ არსებობს.

"პატიმრობის აუცილებლობა არ არსებობს, მითუმეტეს, ამდენი ხნის განმავლობაში. თუ რაიმე ჰქონდა გამოძიებას მათი საწინააღდეგო, ეს აქამდე გამოჩნდებოდა. იმედს გამოვთქვამ ეს ყველაფერი მალე დამთავრდება, სამართლიანობა აღდგება და ეს ხალხი გამოვა ციხიდან", - განაცხადა მაია ფანჯიკიძემ, რომელიც საქალაქო სასამართლოში "თავისუფალი დემოკრატების" სხვა ლიდერებთან ერთად მივიდა.

ჟურნალისტებთან კომენტარი გააკეთა ზურაბ აბაშიძემაც. როგორც აბაშიძე ამბობს, ადვოკატების ხელთ არსებული დოკუმენტებით დასტურდება, რომ თავდაცვის სამინისტროს ყოფილი მაღალჩინოსნების დაკავების მოტივი არის პოლიტიკური და მათი დაკავება მოხდა ქვეყნის ხელმძღვანელობის მითითებით.

"მსოფლიოს არც ერთ ცივილიზებულ ქვეყანაში თუკი არსებობს ბუნებაში მსგავსი ტიპის დანაშაული, არ აპატიმრებენ. თუკი "ქართულ ოცნებას" პრეტენზია აქვს რომ ქვეყანას დემოკრატიულად მართავს, ასეთი ტიპის დანაშაულის გამო ციხეში არავინ სვამს ადამიანებს, თუკი რა თქმა უნდა, ეს დანაშაული საერთოდ არსებობს. სხვა ქვეყნებში ასეთი ტიპის დანაშაულში ბრალდებულები ყოველთვის არიან გარეთ და თანამშრომლობენ გამოძიებასთან, ქვეყნის სასამართლო კი საბოლოოდ იღებს გადაწყვეტილებას თუ რა სასჯელი მიუსაჯონ მათ. თუმცა ბრალდებულები, რომლებიც ამ საქმეზე არიან დაკავებულები, არიან ამ ხელისუფლების ფაქტობრივი მმართველის მძევლები, რომლებიც დააპატიმრა პროკურატურამ. ეს მალე დასრულდება და ყველას მოთხოვება პასუხი ამ ადამიანების ციხეში ყოფნისთვის", - განაცხადა ზურაბ აბაშიძემ.

მისი თქმით, ასეთი პასუხი მოეთხოვა წინა ხელისუფლებას და მოეთხოვება მოქმედ ხელისუფლებასაც.

ე.წ. კაბელების საქმეზე თბილისის საქალაქო სასამართლოში წინასასამართლო სხდომა კვლავ დახურულ რეჟიმში მიმდინარეობს. შესაძლებელია დღეს ადვოკატებმა ბრალდებულების მიმართ აღკვეთის ღონისძიების შეცვლის შუამდგომლობა დააყენონ.